ჰონგ-კონგში ადამიანები ქუჩაში სიარულისას სმარტფონში ყურების გამო იმდენად უყურადღებოდ არიან, რომ ხელისუფლებამ მსხვერპლის თავიდან ასაცილებლად ზებრებზე ახალი ტიპის შუქნიშნების დამონტაჟება გადაწყვიტა.

სპეციალური ლედ განათებები 4 ადგილზე, საცდელი 6-თვიანი პერიოდით განთავსდა. ყველასთვის კარგად ცნობილ წითელ კაცუნასთან ერთად, ახლა ამ გადასასვლელებზე წითლად ტროტუარიცაა განათებული, რათა ფეხით გადაადგილებისას ტელეფონით მოსარგებლე მოქალაქეებმა ამკრძალავი ნიშანი მარტივად დაინახონ და შეჩერდნენ.

ფოტო: Billy H.C. Kwok/Bloomberg

აღნიშნული ინიციატივა ადამიანთა უსაფრთხოებას ემსახურება, რადგან "სმარტფონ ზომბები" ხშირად ზებრებზე მაშინ გადადიან, როცა გზაზე ტრანსპორტი მოძრაობს, რაც შესაძლოა, მსხვერპლით დასრულდეს. როგორც ცნობილია, ჰონგ-კონგში ასეთი მიზეზით გამოწვეული ფატალური შემთხვევების რაოდენობა გასულ წელს 4-დან 6-მდე გაიზარდა.

მოსახლეობის ნაწილი ფიქრობს, რომ ფეხით მოსიარულეები ტროტუარის ლედ განათებებს მალე მიეჩვევიან და ყურადღებას აღარ მიაქცევენ. რამდენად შეცვლის ეს სიახლე ზემოხსენებულ სტატისტიკას, ჯერჯერობით გაურკვეველია.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.