ნოა შნაპი ჯერ კიდევ 11 წლის იყო, როდესაც ნეტფლიქსის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სერიალის, Stranger Things-ის ვარსკვლავი გახდა. ამჟამად 17 წლის ნოა სოციალური ქსელების აქტიური მომხმარებელია, თავისი იუმორით ხშირად ართობს ფანებს და გვახსენებს, რომ სინამდვილეში ჩვეულებრივი თინეიჯერია.

ცოტა ხნის წინ გამოცემა Flaunt-თან ინტერვიუში ნოამ აღნიშნა, რომ სერიალის გარეთ ნორმალური ცხოვრების შენარჩუნებას ცდილობს, რათა "მიწაზე დარჩეს". მაგალითად, ამ ზაფხულს მაშველად მუშაობდა, რისი დამადასტურებელი ფოტოების სოციალურ ქსელში გააზიარა.

რა თქმა უნდა, ფანებს ეს არ გამორჩენიათ და ნოამ ქება და ხუმრობებიც დაიმსახურა:

"კარგია, რომ ნოა შნაპი აუზზე მაშველია, რადგან ის ცდილობს, ნორმალური ცხოვრება ჰქონდეს. მაგრამ წარმოიდგინე, იხრჩობი და წყლიდან უილ ბაიერსს ამოჰყავხარ, შემდეგ კი ხელოვნურ სუნთქვას გიტარებს".

"ამას გასართობად ვაკეთებ. Stranger Things-ის გარეთ ნორმალური ცხოვრებითა და ნორმალური მეგობრებით გავიზარდე, რამაც მიწაზე დარჩენის საშუალება მომცა", — ამბობს ნოა.

აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სამუშაოს შემდეგ ნოა შნაპი პენსილვანიის უნივერსიტეტში ბიზნესს ისწავლის. ის საერთო საცხოვრებელში დარჩენას აპირებს.