22 წლის ჯესი, რომელიც სან-ფრანცისკოს უნივერსიტეტში ანიმაციასა და ხელოვნებას სწავლობს, ბავშვობიდან Pixar-ის დიდი ფანია. როგორც დამწყები მხატვარი აღნიშნავს, მის შემოქმედებაზე Pixar-მა დიდი გავლენა მოახდინა. პანდემიის დაწყების შემდეგ, როცა სწავლა ონლაინ რეჟიმში გაგრძელდა, ჯესიმ გადაწყვიტა, რომ ხატვა გარეთ გაეგრძელებინა და ამისთვის Pixar-ის შენობა შეარჩია.

ამ პერიოდში ჯესი Pixar-ის მთავარ ოფისთან საკმაოდ ახლოს ცხოვრობდა და დილაობით შენობის წინ ხატვას იწყებდა. ოფისის წინ ჯესი Pixar-ის სხვადასხვა პერსონაჟს ხატავდა, რითაც გამვლელების ყურადღება მალევე მიიპყრო. მისი პირველი ნახატის ვიდეოს კი, რომელიც ჯესიმ ტიკტოკზე განათავსა, ნახევარმა მილიონმა ადამიანმა უყურა.

ჯესი Pixar-ის თანამშრომლებსაც ძალიან მოეწონათ და მის ნამუშევრებს ხშირად აქებდნენ. Pixar-ის სამხატვრო დირექტორმა კი ჯესი რამდენჯერმე წაახალისა და ურჩია, რომ ხატვა ისევ გაეგრძელებინა. ჯესიმ Pixar-ის საზაფხულო სტაჟირებაზე შეიტანა განაცხადი, მაგრამ არ მიიღეს. ამ ფაქტის მიუხედავად, ჯესი Pixar-ის კამპუსისა და შენობის დასათვალიერებლად მიიწვიეს.

ფოტო: Instagram

ჯესიმ Pixar-ის თანამშრომლები გაიცნო და სამხატვრო დირექტორი ახლა მისი პირადი მენტორია. გარდა ამისა, 22 წლის სტუდენტმა საკმაოდ ბევრი სამსახურის შემოთავაზება მიიღო, თუმცა მას კვლავ Pixar-ში სურს მუშაობის დაწყება. ჯესის თქმით, საოცნებო სამსახურის დასაწყებად მზად არის გრძელი გზა გაიაროს და ბევრი ისწავლოს.