შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიების დაწყების საფუძველი 23 აგვისტოს ახალქალაქში ავტომობილის მძღოლის მიერ გადაადგილებისას, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი პისტოლეტიდან პირადი ავტომობილით მოძრავი პოლიციელის მიმართულებით გასროლა იყო.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავებული არტურ მკოიანი ნაციონალური მოძრაობის წევრია.

  • პარტიაში აცხადებენ, რომ ახალქალაქში მომხდარი მკოიანის ოჯახის მიმართ განხორციელებულ ტერორსა და პოლიტიკურ დევნას ემსახურება.
  • მათივე განცხადებით, ამის მთავარი შემოქმედი ახალქალაქის პოლიციის უფროსი შალვა ლომსაძეა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ გამოძიების ფარგლებში მკოიანის სახლში ჩხრეკისას ის პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, რის გამოც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით დააკავეს.

  • ახალქალაქის რაიონულმა სასამართლომ ის 24 აგვისტოს სამართალდამრღვევად ცნო და 11-დღიანი პატიმრობა მიუსაჯა.
  • ენმ-ის განცხადებაზე შსს ამბობს, რომ ის არ შეესაბამება სიმართლეს და გამოძიების დაწყება, სახლის ჩხრეკა საპროცესო კანონმდებლობის სრული დაცვით ჩატარდა.
  • უწყება, ასევე, აქვეყნებს ვიდეოს, სადაც ასახულია იარაღიდან გასროლის ეპიზოდი.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ საქმე 2022 წელსა და 2021 წელს დაწყებულ პოლიტიკურ დევნას ეხება, როდესაც არტურ მკოიანი პარტიული სიის წევრი იყო და მასზე მას შემდეგ დაიწყო ლომსაძის მხრიდან პოლიტიკური დევნა.

  • მათივე თქმით, მკოიანზე ხორციელდებოდა სხვადასხვაგვარი ზეწოლა, ტერორი, შანტაჟი, რათა პარტია დაეტოვებინა.