თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვის პირველი სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ ანგარებით პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადების საქმეს განიხილავს. საქმეს მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილი განიხილავს.

წინასასამართლო სხდომის მსგავსად, პროკურატურა საქმის არსებითი განხილვის დახურვასაც ითხოვს. მოსამართლემ ბრალდების მხარეს საქმეში ნახსენები პირების არდასახელება შესთავაზა, თუმცა, პროკურატურის წარმომადგენლებს მიაჩნიათ, რომ შეუძლებელი იქნება.

დეკანოზის მოთხოვნის მიუხედავად, წინასასამართლო სხდომა ჟურნალისტებისთვის დახურული იყო.

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 27 აპრილს განცხადება გაავრცელა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს. დეკანოზის დაკავების შესახებ ინფორმაცია პროკურატურამ 13 თებერვალს გაავრცელა. მას პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადება ედება ბრალად.

გიორგი მამალაძე წარდგენილ ბრალდებას არ აღიარებს, პროკურატურა კი საპირისპიროს ამტკიცებს. მათ გაავრცელეს ფარული ვიდეოჩანაწერები, რაც, საგამოძიებო უწყების ცნობით, მამალაძის საქმეში ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულებაა.