კელი დეგნანი აცხადებს, რომ აშშ-ის საელჩო სრულად ენდობა სამართლიან არჩევნებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან ისაუბრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ISFED-ის მიმართ აშშ-ის საელჩოს მხარდამჭერი განცხადების შემდეგ, ქართული ოცნების თავმჯდომარემ საელჩო გააკრიტიკა.

  • ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ მისთვის ეს "შოკისმომგვრელი" იყო;
  • მან ISFED კიდევ ერთხელ დაადანაშაულა პარალელური დათვლის შედეგების გაყალბებაში და დაამატა, რომ ამის ფონზე აშშ-ის საელჩოს "გაურკვეველი" განცხადებები საზოგადოებაში "გაურკვევლობის ხარისხს კიდევ მეტად ზრდის".

რას ამბობს დეგნანი: აშშ-ის ელჩის განცხადებით, უნდა გვახსოვდეს არჩევნებთან დაკავშირებით ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებები, სადაც დარღვევებზეა საუბარი.

  • ელჩის თქმით, არც ეს დარღვევები და არც ის, რომ არჩევნების შედეგების მიმართ საზოგადოების ნდობა ნაკლებია, ISFED-ის პასუხისმგებლობა არ არის;
  • რაც შეეხება PVT-ის ხარვეზს, დეგნანი მიუთითებს, რომ ორგანიზაციამ შეცდომის შესახებ მისი დადასტურებისთანავე შეატყობინა საზოგადოებას;
  • "ამიტომ გვაქვს სრული ნდობა ISFED-ის მიმართ, როგორც არჩევნების დამკვირვებელი პროფესიონალი ორგანიზაციის".

სამუშაო ჯგუფი: 18 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ISFED არ მიიწვია.

  • მათი განცხადებით, პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ;
  • ეს საიას თავმჯდომარემ ერთპარტიულ, დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად შეაფასა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესებთან.

საერთაშორისო პარტნიორები: აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

რას ამბობს ISFED: მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი არჩევნებიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ დემარშია.

  • ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო.