დღესდღეობით მარსი უსიცოცხლო და მშრალი პლანეტაა, მაგრამ ცნობილია, რომ მილიონობით წლის წინ იქ ტბები და მდინარეები არსებობდა. მნიშვნელოვანი პროექტის ფარგლებში მეცნიერებმა ციურ სხეულზე ისეთი გეოლოგიური წარმონაქმნების ადგილმდებარეობა მონიშნეს, რომელთა ფორმირებაც, დიდი ალბათობით, სწორედ წყალთან ურთიერთქმედებას უკავშირდება.

ამისთვის სპეციალისტებმა ევროპის კოსმოსური სააგენტოს აპარატ Mars Express-ისა და NASA-ს აპარატ Mars Reconnaissance Orbiter-ის მიერ მოპოვებული მონაცემები გამოიყენეს. შეგროვებული ინფორმაციის მეშვეობით მათ მარსის დეტალური რუკა შექმნეს, რომელზეც ეს არეალებია მონიშნული.

უნდა ითქვას, რომ ზემოხსენებული პროექტის განხორციელებას ათწლეული დასჭირდა. აქამდე მარსის მხოლოდ 1 000 კლდოვანი ფორმაციის არსებობის შესახებ ვიცოდით, რომელიც ჰიდრატირებულ მინერალებს შეიცავს. ახლა მათი რაოდენობა ასობით ათასამდე გაიზარდა.

"კვლევამ ცხადყო, რომ როცა (მარსზე) უძველეს ადგილებს დეტალურად იკვლევ, ამ მინერალების არდანახვა, სინამდვილეში, უცნაურობაა", — აცხადებენ ავტორები.

ფოტო: ESA/Mars Express/NASA/Mars Reconnaissance Orbiter

ამგვარი ნალექოვანი წარმონაქმნები ისეთ ქანებში გვხვდება, რომლებიც წარსულში წყალთან ურთიერთქმედებისას ქიმიურად შეიცვალა და თიხად ან მარილად იქცა, მაგრამ ამისთვის დიდი რაოდენობით სითხეა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვულკანური მატერია, მეტწილად, პირვანდელ სახეს ინარჩუნებს, რადგან ხსნადი ელემენტები არ იშლება და ალუმინით მდიდარ თიხას არ "აშიშვლებს".

უკანასკნელი მიგნება ადასტურებს, რომ ჩვენი მეზობელი წითელი პლანეტის გეოლოგიურ ისტორიაში წყალს უდიდესი როლი ჰქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ დასაზუსტებელია, რამდენად იყო იქ მსგავსი რეზერვუარები ხანგრძლივი დროის განმავლობაში, თუ ამას პერიოდული სახე ჰქონდა.

ავტორთა ნაშრომი გამოცემაში Icarus გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.