საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) ქართული ოცნების მოთხოვნით, კომუნიკაციის კომისიის მიერ მთავარი არხის დაჯარიმებასა და TV პირველისა და ფორმულას გაფრთხილებას ეხმაურება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 კრიტიკულ ტელევიზიას მმართველმა პარტიამ #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო უჩივლა.

  • ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.
  • კომუნიკაციების კომისია გადაწყვეტილებას ხსნის იმით, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და მიაჩნიათ, რომ ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას.

  • მათი თქმით, TV პირველსა და ფორმულას ეს კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უფიქსირდებათ და ამიტომ გადაწყვიტეს მათი წერილობით გაფრთხილება.

  • ხოლო, მთავარ არხს, რომელიც მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშეა, კანონდარღვევა 4-ჯერ უფიქსირდება და წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

  • გიორგი გაბუნიას განცხადებით, მთავარი არხი არ აპირებს ჯარიმის გადახდას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

დეტალები: ორგანიზაციის განცხადებით, ქართული ოცნება არ მალავს, რომ მათი მიზანი კომისიაში წარმოების გზით, პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი მესიჯების გავრცელების შეზღუდვაა, ეს კი დემოკრატიის საბაზისო პრინციპებს ეწინააღმდეგება.

  • ისინი სამწუხაროს უწოდებენ იმას, რომ კომისიამ წინა პრაქტიკის მსგავსად, არც ამ შემთხვევაში გაითვალისწინა მედიების სამართლებრივად დასაბუთებული პოზიცია და საფრთხეები, რაც მედიის უკანონო, დაუსაბუთებელ შეზღუდვას ახლავს თან.

GDI-ში აღნიშნავენ, რომ კომისიის გადაწყვეტილების უკანონობაზე არაერთი ფაქტები მიუთითებს.

  • მათი თქმით, კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო იმ პირობებში, როდესაც საკითხის მომწესრიგებელი რეგულირება კანონმდებლობა არ არსებობს.
  • "შესაბამისად, კომისიას არ გააჩნია არ იმის მანდატი წინასაარჩევნო პერიოდის მიღმა, შეაფასოს პოლიტიკური რეკლამის განთავსების საკითხი, ვინაიდან პოლიტიკური რეკლამა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდით არის შემოფარგლული".
  • ორგანიზაცია განმარტავს, რომ შედეგად, კომისია საკუთარ უფლებამოსილებას გასცდა და პარლამენტის, ნორმაშემოქმედის ფუნქცია შეითავსა.

გარდა ამისა, მათი განცხადებით, თუ დავუშვებთ, რომ კომისიას საკითხის გადაწყვეტაზე უფლებამოსილია, ისინი არ ხელმძღვანელობენ კანონმდებლობაში არსებული დეფინიციებით, რომელიც პოლიტიკური რეკლამების განსამარტად არის მოცემული.

  • "შედეგად, დაუსაბუთებელია სადავო ვიდეო რგოლის პოლიტიკურ რეკლამად მიჩნევის საკითხი, მაშინ როდესაც ვიდეო არ აკმაყოფილებს პოლიტიკური და სოციალური რეკლამისთვის კანონში მოცემულ შესაბამის წინაპირობებს".

მათი განმარტებით, იმის მიუხედავად, რომ ვიდეორგოლო საჯარო დისკუსიის საკითხზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურებოდა, კომისიამ ის სოციალურ რეკლამად არ დააკვალიფიცირა.

  • "გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ეფუძნება ქართული ოცნების სამომავლო საარჩევნო სუბიექტად დაკვალიფიცირებას, რაც გონივრულ ფარგლებს მოკლებულია, რადგან კანონმდებლობა ამ ცნებას არ სცნობს".

ორგანიზაციის შეფასებით, კომისიამ არც ევროსასამართლოს ზოგადი სტანდარტი გაითვალისწინა.

  • GDI-ში გადაწყვეტილებას თვითნებურსა და დაუსაბუთებელს უწოდებენ და მიიჩნევენ, რომ ის კრიტიკული მედიასაშუალებების დისციპლინირებას მიემართება.
  • "კომისია არაგანჭვრეტადი სამართლებრივი წესის საფუძველზე გაუმართლებლად ლახავს გამოხატვის თავისუფლებით დაცულ უფლებრივ სფეროს და ძირს უთხრის მედიაპლურალიზმს, რაც მნიშვნელოვანი შემაფერხებელი ფაქტორია ევროინტეგრაციის გზაზე".

არქივიდან: ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.

  • ტელევიზიების თქმით, რეკლამის მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება იყო და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება.
  • მათ განაცხადეს, რომ კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.