კომუნიკაციების კომისიის განცხადებით, ვიდეორგოლის შესწავლისას დაადგინეს, რომ რეკლამის მიზანი ერთის მხრივ, იყო 24 ივნისის აქციის რეკლამირება, რათა მასში მაქსიმალურად მეტ მოქალაქეს მიეღო მონაწილეობა, ხოლო მეორეს მხრივ, ქართული ოცნების და მათი ლიდერების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 3 კრიტიკულ ტელევიზიას მმართველმა პარტიამ #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო უჩივლა.

  • ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.
  • ტელევიზიები კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებას ორკესტრირებულ სადამსჯელო ქმედებად აფასებენ.

დეტალები: კომუნიკაციების კომისია აცხადებს, რომ თავად მანიფესტაცია პოლიტიკური კონტექსტის მატარებელი იყო და ამიტომ, მიაჩნიათ, რომ ვიდეორგოლი წარმოადგენს პოლიტიკურ რეკლამას.

  • კომისია განმარტავს, რომ წინასაარჩევნო ან პოლიტიკური რეკლამის განთავსება მაუწყებელს შეზღუდული აქვს თუ არ მიმდინარეობს წინასაარჩევნო კამპანია და სწორედ ამიტომ გადაწყვეტეს ტელევიზიების დასანქცირება.
  • მათი თქმით, TV პირველსა და ფორმულას ეს კანონდარღვევა ბოლო ერთი წლის განმავლობაში არ უფიქსირდებათ და ამიტომ გადაწყვიტეს მათი წერილობით გაფრთხილება.
  • ხოლო, მთავარ არხს, რომელიც მძიმე ფინანსური კრიზისის წინაშეა, კანონდარღვევა 4-ჯერ უფიქსირდება და წლიური შემოსავლის 1%-ის ოდენობის ჯარიმა დააკისრეს.

გიორგი გაბუნიას განცხადებით, მთავარი არხი არ აპირებს ჯარიმის გადახდას და გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

  • "კიდევ ერთხელ დაგვაჯარიმეს ევროპის მხარდამჭერი კლიპისთვის, რაც არ მიკვირს, რა თქმა უნდა. მითუმეტეს, ისინი ამ შანსს ხელიდან არ გაუშვებდნენ, რომ ჩვენი ისედაც მძიმე ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაგვიმძიმონ".
  • "პირდაპირი მუქარაც მოვისმინეთ, რომ თუ ასე გავაგრძელებთ და კიდევ ერთი პროევრუპული კლიპი მოხვდება ჩვენს ეთერში, შეიძლება საერთოდ ლიცენზია ჩამოგვართვან, ესეც არ გამიკვირდება".

არქივიდან: ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსისაა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.

  • ტელევიზიების თქმით, რეკლამის მიზანი საზოგადოებისთვის 24 ივნისის საქართველოს ევროინტეგრაციის მხარდასაჭერ აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება იყო და არა რომელიმე პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირება.
  • მათ განაცხადეს, რომ კრიტიკული მედიისადმი ხელისუფლების ამგვარი მიზანმიმართული იერიში კიდევ ერთი დამაბრკოლებელი ფაქტორი გახდება ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე.