ჩინეთში 27 ადამიანი დაწყებითი კლასების მათემატიკის წიგნებში გამოყენებული "ტრაგიკულად უშნო" ილუსტრაციების გამო დასაჯეს. 1-თვიანი გამოძიების შემდეგ განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფმა ჯგუფმა დაასკვნა, რომ ილუსტრაციები უშნოა და ვერ ახერხებს "სათანადოდ წარმოაჩინოს ჩინელი ბავშვების მზიანი სახეები".

აღნიშნულ წიგნს სკოლებში უკვე რამდენიმე წელია, რაც იყენებენ, თუმცა ის საზოგადოების ყურადღების ცენტრში მაისში მოექცა, როცა ერთ-ერთმა მასწავლებელმა ფოტოები სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

ილუსტრაციებში ბიჭები გოგოებს კაბებს უწევდნენ, ერთ-ერთ ბავშვს ფეხზე ტატუ ჰქონდა, პერსონაჟების სახეები კი ხშირად არაპროპორციულად იყო დახატული. ბევრს ილუსტრაციებზე გაეცინა, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ჩათვალა, რომ ეს ჩინური კულტურის შეურაცხყოფა იყო და განათლების სფეროში დასავლეთის ჩარევას გვიჩვენებდა.

ამის შემდეგ კომუნისტურმა პარტიამ და განათლების სფეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ სასკოლო წიგნებს შეისწავლიდნენ, რათა მათში პარტიის იდეოლოგიის საწინააღმდეგო არაფერი ყოფილიყო. გამოძიებამ ილუსტრაციების გამო 27 ადამიანი — გამომცემლობის ხელმძღვანელი და თანამშრომლები დასაჯა. განცხადების მიხედვით, მათ სამსახურები დაკარგეს, ხოლო ილუსტრაციების შემქმნელები მომავალში სასკოლო წიგნებზეც ვეღარ იმუშავებენ.