ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი მოსამართლეს ფლორიდის სახლიდან ამოღებული ფაილების შესახებ იუსტიციის დეპარტამენტის გამოძიების გაჩერებას სთხოვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 12 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ ტრამპის სახლს ჩხრეკენ — ექსპრეზიდენტმა განაცხადა, რომ მისი სახლი "FBI-ის აგენტების მიერაა ოკუპირებული".

  • Reuters-ის ინფორმაციით, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჰქონდათ სავარაუდო მიზეზი ჩაეტარებინათ გამოძიება — ჯაშუშობის აქტის შესაძლო დარღვევა.
  • 13 აგვისტოს კი გაირკვა, რომ FBI-ის აგენტებმა სახლიდან საიდუმლო დოკუმენტების 11 კომპლექტი ამოიღეს. როგორც Washington Post-მა დაწერა, მათგან 4 მონიშნული იყო, როგორც TOP Secret, ხოლო 7 ნაკლებად საიდუმლო.

დეტალები: სარჩელის მიხედვით, ტრამპის იურიდიულმა გუნდმა დამოუკიდებელი ადვოკატის დანიშვნა მოითხოვა, რომლებიც FBI-ის მიერ ამოღებული დოკუმენტებს გააკონტროლებს.

  • ისინი მიიჩნევენ, რომ გამოძიებას ტრამპის არჩევნებში ხელახალი მონაწილეობის ჩაშლას მცდელობაა.
  • დოკუმენტში ნათქვამია, რომ ყოფილი პრეზიდენტი FBI აგენტებთან თანამშრომლობდა მანამ, სანამ გაუფრთხილებლად მივიდოდნენ მის სახლში.
  • ყოფილი პრეზიდენტი ამოღებული დოკუმენტების სიას და დაბრუნებას ითხოვს, რომელიც, მისი თქმით, ჩხრეკის ორდერს არ ექვემდებარებოდა.

საპასუხოდ, იუსტიციის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ პროკურორებმა ტრამპის სარჩელის შესახებ იცოდნენ და სასამართლოში უპასუხებენ.

კონტექსტი: აშშ-ის პრეზიდენტი ვალდებულია საპრეზიდენტო ჩანაწერების ყველა დოკუმენტი ეროვნულ არქივს გადასცეს, თუმცა ოფიციალური პირები აცხადებდნენ, რომ ტრამპმა მრავალი დოკუმენტი უკანონოდ წაშალა.

  • თებერვალში ეროვნულმა არქივმა იუსტიციის დეპარტამენტს ოფიციალური დოკუმენტების შესახებ გამოძიების დაწყება სთხოვა.
  • ეროვნული არქივის ინფორმაციით, ამ წლის დასაწყიში ტრამპის ფლორიდის სახლიდან 15 ყუთი ამოიღეს, რომელთა ნაწილშიც საიდუმლო ჩანაწერები ინახებოდა.

გამოძიება: FBI-ის გავრცელებული ჩხრეკის ორდერიდან ირკვევა, რომ ტრამპის წინააღმდეგ 3 შესაძლო დარღვევას იძიებენ.

  • ჩანაწერების დამალვა, დაზიანება ან წაშლა;
  • მართლმსაჯულების დაბრკოლება, მათ შორის, ფედერალურ გამოძიებების ჩანაწერების განადგურება, შეცვლა ან გაყალბება;
  • ჯაშუშობის აქტის შესაძლო დარღვევა, რაც შეიძლება მოიცავდეს უარის თქმას ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებული დოკუმენტების მოთხოვნისთანავე გადაცემაზე, აგრეთვე ამგვარი ინფორმაციის გადაცემაზე ან დაკარგვაზე.
  • როგორც France 24 წერს, მუხლები 3, 10 და 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.