მამაკაცთა ონკოლოგიურ დაავადებებში პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის კიბო ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია. თუმცა, დროული და სწორი დიაგნოსტირების შემთხვევაში, მისგან განკურნების ალბათობა მაღალია. პროსტატის კიბოსა თუ მისი სხვა დაავადებების აღმოჩენაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს როლს პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ასრულებს.

თოდუას კლინიკის ვერის ფილიალის რადიოლოგი მაკა ქუთათელაძე სწორედ ამ კვლევის უპირატესობებზე საუბრობს.

რაში გეხმარებათ პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა?

ეს რადიოლოგიური კვლევა პროსტატის ანუ წინამდებარე ჯირკვლის სრულად დათვალიერებისა და მასში უმცირესი დაზიანებების აღმოჩენის საშუალებას გვაძლევს. ასევე, მისი დახმარებით, ვხედავთ ორგანოს რომელ ზონაშია დაზიანების კერა, კლინიკურად რამდენად მნიშვნელოვანი ის და როგორია მისი გავრცელება.

რამდენად გაუმარტივა მან უროლოგსა და პაციენტს პროსტატის გამოკვლევისა და მისი კიბოს დიაგნოსტირების პროცესი?

პროსტატის კიბოს დიაგნოსტირების პირველი საფეხური სისხლში პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის განსაზღვრაა, რომელსაც შემოკლებით პსა-ს ვუწოდებთ. ანტიგენის მომატება ყოველთვის კიბოს არ ნიშნავს, თუმცა, როდესაც ეჭვი ჩნდება, დამატებითი გამოკვლევის აუცილებლობა დგება. მანამდე, სანამ პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ხელმისაწვდომი გახდებოდა, მცირე ეჭვის შემთხვევაშიც კი ბიოფსია ინიშნებოდა, რაც გამორიცხავდა ან ადასტურებდა დაავადებას.

ახლა კლინიკური ეჭვის შემთხვევაში, უროლოგს შესაძლებლობა ეძლევა, პსა-ს ანალიზის შემდგომ, ჯერ რადიოლოგიური კვლევა დანიშნოს, მისი დახმარებით დარწმუნდეს საეჭვო კერის არსებობაში და შემდგომ გადაწყვიტოს ბიოფსიის საკითხი.

მეორე მხრივ, პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, ბიოფსიას მიმართულებას აძლევს, რადგან ის ზუსტად გვაჩვენებს, სად არის დაზიანების კერა.

რამდენი ხანია, რაც თოდუას კლინიკაში ეს კვლევა დაინერგა და რამდენად არის მასზე მოთხოვნა?

თოდუას კლინიკაში პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა 2019 წლიდანაა ხელმისაწვდომი, იმ პერიოდიდანვე, როცა აპარატის ტექნოლოგიური შესაძლებლობები დაიხვეწა და მისი დახმარებით ასეთი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება გახდა შესაძლებელი. ამავე წელს ამერიკის რადიოლოგთა ასოციაციის მიერ შემუშავდა წინამდებარე ჯირკვლის გამოკვლევის გაიდლაინების საბოლოო ვერსია. ახლა პროსტატის მულტიპარამეტრული მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ტარდება როგორც თოდუას ცენტრალურ, ისე ვერის ფილიალში.

დღეს კვლევაზე მოთხოვნა ძალიან მაღალია, რადგან დროთა განმავლობაში უროლოგები სულ უფრო რწმუნდებიან მის უპირატესობებში. მათ შორის, ყველაზე მნიშვნელოვანი არასაჭირო ბიოფსიების მინიმუმამდე შემცირებაა. ბიოფსიის აუცილებლობის შემთხვევაში კი, მისთვის სწორი მიმართულების მიცემა. საბოლოოდ კი, ამგვარი ინფორმაცია სპეციალისტებს ზუსტი დიაგნოზის დასმაში ეხმარება. დიაგნოზის სიზუსტეს კი, კარგად ვიცით, რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს მკურნალობის ეფექტიანობისთვის.