განცხადებას ხელს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI), საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და სოციალური სამართლიანობის ცენტრი აწერენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 18 აგვისტოს ქართულმა ოცნებამ საარჩევნო კოდექსის გადასინჯვის საკითხზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში ISFED არ მიიწვია.

  • მათი განცხადებით, პროცესში მხოლოდ იმ ორგანიზაციებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღება, რომლებიც "ნეიტრალიტეტს" ინარჩუნებენ;
  • ეს საიას თავმჯდომარემ ერთპარტიულ, დისკრიმინაციულ გადაწყვეტილებად შეაფასა, რომელსაც არაფერი აქვს საერთო დემოკრატიულ პროცესებთან.

დეტალები: NGO-ების განცხადებით, "ოცნებამ" უნდა უზრუნველყოს ISFED-ის ჩართულობა საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში.

  • NGO-ები მოუწოდებენ ქართულ ოცნების ხელმძღვანელობას გაიაზრონ მიღებული გადაწყვეტილების დამაზიანებელი გავლენა ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე და უზრუნველყოს საარჩევნო საკითხებზე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) ჩართულობა ამ სამუშაო ჯგუფის მომდევნო შეხვედრამდე.

არასამთავრობო ორგანიზაციები თვლიან, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება არის უსამართლო, დაუსაბუთებელი და ეწინააღმდეგება ევროკავშირის პირველ და მე-10 პრიორიტეტების სულისკვეთებას, რომლებიც დეპოლარიაზიას და გადაწყვეტილებების მიღების ყველა დონეზე, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართვას მოითხოვს.

  • მათივე თქმით, ISFED-ისთვის საარჩევნო საკითხებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფში მონაწილეობის აკრძალვა არის კრიტიკული და დამოუკიდებელი სამოქალაქო ორგანიზაციების დისკრედიტაციის კიდევ ერთი მცდელობა.
  • "ამ გადაწყვეტილებას განსხვავებული აზრის გამო დისკრიმინაციის შინაარსი და კონტექსტი აქვს".
  • "დისკრიმინაციული და უსამართლო სამუშაო გარემო, არ ტოვებს ადგილს სამოქალაქო ორგანიზაციების მონაწილეობისთვის მმართველის პარტიის მიერ ინიცირებულ სამუშაო პროცესში".

საერთაშორისო პარტნიორები: აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებები გაავრცელეს აშშ-ის საელჩომ და ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

რას ამბობს ISFED: მმართველი პარტიის ამ გადაწყვეტილებას სამართლიანი არჩევნებიც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ეს ხელისუფლების მხრიდან სამოქალაქო სექტორის წინააღმდეგ დემარშია.

  • ორგანიზაციამ მიუთითა, რომ ევროკავშირის რეკომენდაციების შესასრულებლად, სამუშაო პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა თავად დასავლელი პარტნიორების რეკომენდაცია იყო.