როცა ველურ ბუნებასთან ახლოს ცხოვრობ, შინ დაუპატიჟებელი სტუმრების ხილვა ნამდვილად არ უნდა გაგიკვირდეს. ასე წააწყდა ერთ-ერთი ახალზელანდიური ოჯახი საკუთარ ბინაში სელაპს, რომელიც მათთან შეიჭრა, შინაური კატა სახლიდან გააგდო და თავად ნებივრობას მიეცა.

ქალაქ ტაურანგაში მცხოვრები როსების ოჯახი, რომელიც სანაპიროდან 150 მეტრის დაშორებით ცხოვრობს, მშვიდად იწყებდა დღეს, როცა მყუდროება ზღვის ცხოველმა დაურღვიათ. ბედად შინ არ იყო ოჯახის ალბათ ყველაზე გამოცდილი წევრი, ფილ როსი, რომელიც პროფესიით ზღვის ბიოლოგია. სამაგიეროდ, ფილის ცოლი, ჯენი, დილის 6 საათზე სავარჯიშოდ წასასვლელად ემზადებოდა. სწორედ მაშინ მოესმა ჯენს ყეფის მსგავსი ხმა და იფიქრა, ვიღაცის ძაღლიაო. დაახლოებით, ერთ საათში შინ დაბრუნებულს კი მისაღებში, არც მეტი, არც ნაკლები, სელაპი დახვდა.

"ცოტათი შეშინდა და დერეფნის გავლით საჩქაროდ გაიქცა ცარიელი ოთახისკენ", — იხსენებს ჯენი ცხოველთან შეხვედრას.

როგორც ჩანს, სელაპმა სახლში შესაღწევად კატისთვის განკუთვნილი შესასვლელით ისარგებლა. ფილის აზრით, ამ დროს სელაპი მათ კატას, კოკოსაც, გადაეყარა, რომელიც აშკარად არ აღმოჩნდა გულთბილი მასპინძელი, რადგან, მოგვიანებით, ოჯახმა იგი მეზობელთან იპოვა.

როსების კატა — კოკო

ჯენმა კი ბავშვები, რომელთაც მეორე სართულზე ეძინათ, გააღვიძა და ახარა, რომ "ახალი შინაური ცხოველი" ჰყავდათ. 12 წლის ნოა და 10 წლის არი ისე აღფრთოვანდნენ, ეჭვგარეშეა, თავიანთი თანატოლებისთვის მოსაყოლ ამბავს უკვე ამზადებდნენ.

სელაპი კი ცარიელ ოთახში დივანზე წამოგორებულიყო, სანამ ჯენი მას ბაღში გაიტყუებდა. შესაბამისი სამსახურიც რამდენიმე საათში მოვიდა და ცხოველი ზღვაში დააბრუნა.

ოჯახმა კი ამასობაში სელაპისთვის სახელიც მოიფიქრა და მას ოსკარი დაარქვეს. ფილი ხსნის, რომ ოსკარი ახალგაზრდა ცხოველია და დამოუკიდებლობას ახლა სწავლობს, ამდენად, გასაკვირი არაა, რომ "ზოგიერთი თინეიჯერის" მსგავსად არცთუ გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს.

როცა ყველაფერი მშვიდობიანად დამთავრდა, როსებმა კოკოც მოიკითხეს და მეზობლის სახლიდან დააბრუნეს. ერთი კია, კატა სასწრაფოდ მეორე სართულზე ავიდა და ქვემოთ ჩამოსვლაზე სასტიკი უარი განაცხადა.