ახალი ტექნოლოგიის საშუალებით ჰოლოკოსტის აქტივისტმა, მარინა სმიტმა, მისთვის მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე დამსწრეთა შეკითხვებს უპასუხა.

სმიტი ჰოლოკოსტის ეროვნული ცენტრის ერთ-ერთი დამფუძნებელია და მოვლენასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო პროგრამის ჩატარებაში მიუძღვის წვლილი. 87 წლის ქალი ივნისში დაიღუპა, თუმცა სტუმრებისათვის წარდგენილ ვიდეოში იგი მათ მიერ დასმულ შეკითხვებს სცემდა პასუხს, რაც თავისი ვაჟის კომპანიის მიერ შექმნილი ვიდეოტექნოლოგიის დამსახურებაა.

ასევე იხილეთ: მსოფლიოში პირველად, ჰოლოგრამის საერთაშორისო ტელეპორტაცია შეძლეს — რას ნიშნავს ეს

StoryFile-ის აღმასრულებელი დირექტორისა და თანადამფუძნებლის, სტივენ სმიტის, თქმით, ამან დედამისს, გარკვეული გაგებით, იქ ყოფნის შესაძლებლობა მისცა. მისი აზრით, ტექნოლოგია საშუალებას მოგვცემს, ადამიანის სიკვდილის შემდეგ მასთან ისევე ვისაუბროთ, თითქოს აქ იყოს და ის გვიპასუხებს.

სმიტმა დასძინა ისიც, რომ ქალმა თავისი ცხოვრების იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებიც მისთვისაც და მისი საყვარელი ადამიანებისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ეს კი მათთვის საკმაოდ ღირებული გამოცდილება აღმოჩნდა. გასათვალისწინებელია, რომ დედამისის სიტყვები მასვე ეკუთვნოდა და ხელოვნური ინტელექტის მიერ გენერირებული არ ყოფილა.

როგორ მუშაობს ტექნოლოგია

ვიდეოს შესაქმნელად ჩანაწერი ადამიანმა ჯერ კიდევ სიცოცხლეში უნდა გააკეთოს და თავისი ცხოვრების შესახებ შეკითხვებს უპასუხოს.

მისი სიკვდილის შემდეგ AI სისტემა შესაბამის კლიპებს აირჩევს, რომლებსაც მნახველთა შეკითხვების საპასუხოდ ჩართავს. შესაბამისად, ვიდეოში ჩანს, რომ ადამიანი ჯერ მნახველებს უსმენს, შემდეგ კი მათ პასუხს სცემს.

საგულისხმოა, რომ სისტემა საკუთარი სიტყვების შექმნას არ ცდილობს და არც ხელოვნურ ინტელექტს იყენებს მათი გამოგონებისთვის — ის უბრალოდ წინასწარ ჩაწერილი ვიდეოდან ირჩევს კადრებს და ადამიანებს საშუალებას აძლევს, კითხვის დასმით მათი ჩართვა გამოიწვიონ.

StoryFile-ის დამფუძნებლებს ამის იდეა მაშინ მოუვიდათ, როდესაც ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების ინტერაქციული ჰოლოგრამების შექმნაზე მუშაობდნენ. ფირმაში ფიქრობენ, რომ ტექნოლოგის გამოყენება არაერთი კომერციული მიზნით შეიძლება, თუნდაც გაყიდვებში.

აღსანიშნავია, რომ მათ ზოგიერთ ცნობილ ადამიანსაც მოუწოდეს ტექნოლოგიის გამოყენებით კარიერის დოკუმენტირება, მათ შორის სტარ ტრეკის მსახიობ უილიამ შატნერს (მის ვიდეოს კომპანიის ვებსაიტზე იხილავთ).

სტივენ სმიტი ისეთ სამყაროსაც წარმოიდგენს, რომელშიც ადამიანები თავიანთ ცხოვრებას ასე მუდმივად იწერენ. ასე მათ შეეძლებათ, 50 წლის ასაკში თავიანთ 18 წლის თავებს გაესაუბრონ ანდა შვილები თავიანთ 16 წლის თავს გააცნონ.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.