შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, პატიმრობაში მყოფ სუს-ის ყოფილ მაღალჩინოსანთან არანაირი კონტაქტი არ ჰქონია.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 11 აგვისტოს ადვოკატმა განაცხადა, რომ შს მინისტრი გოგაშვილს ციხეში ტელეფონზე ესაუბრა და დაემუქრა.

  • როგორც გოგაშვილი ამბობს, გომელაურს საშხაპიდან ალაპარაკეს და კონკრეტულ პირობებზე დათანხმება მოსთხოვეს, რაზე პასუხის გასაცემადაც ოჯახთან კონსულტაცია მოითხოვა და შეახვედრეს კიდეც.
  • ოჯახის ციხეში ვიზიტი იუსტიციის მინისტრმა დაადასტურა — რატი ბრეგაძე ამტკიცებდა, რომ ეს პატიმრის თხოვნით და კანონის სრული დაცვით მოხდა.

დეტალები: გომელაური ამბობს, რომ "მტრის ოჯახსაც პატივს სცემს" და "სრული აბსურდია", რომ ის გოგაშვილს დაემუქრა.

  • მან ისაუბრა, როგორ დანიშნა სოსო გოგაშვილი მაღალ თანამდებობაზე და როგორ დააწინაურა.
  • "თურმე სამი წელი იდგა და ჩემზე და ჩვენს გუნდზე კომპრომატებს აგროვებდა", — ამბობს გომელაური.
  • მისი თქმით, გოგაშვილმა ყველაზე კარგად იცის რატომ გაათავისუფლეს ის დაკავებული თანამდებობიდან, თუმცა ჟურნალისტებთან ამ დეტალებზე არ ისაუბრა.
  • ამასთანავე, მინისტრმა განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს "დიდ პატივს სცემს", თუმცა დიდი ხანია მასთან კომუნიკაცია არ ჰქონია.

რა თქვა გოგაშვილმა: ამბობს, რომ საშხაპეში გაჰყავდათ მაშინაც, როცა გრაფიკით ეს არ ეკუთვნოდა, რათა მინისტრთან ესაუბრა.

  • მისი თქმით, გომელაურს სხვადასხვა დროს საშხაპიდან ჯამში 4-ჯერ ესაუბრა.
  • "[გომელაურმა] გადმომცა ივანიშვილის დანაბარები, რომ მე გადავკვეთე წითელი ხაზები, თუ არ გავჩუმდებოდი და რასაც მეტყოდნენ იმას თუ არ გავაკეთებდი, მე გამანადგურებდნენ და ოჯახს ამომიწყვეტდნენ", — ამბობს გოგაშვილი.
  • "ვახტანგ გომელაურმა მიპასუხა, რომ მე ვუშვებდი ძალიან დიდ შეცდომას და ამის შედეგებს ძალიან მალე დავინახავდი. მითხრა, რომ მე ვიცოდი თუ როგორ ამუშავდებოდა სახელმწიფო მანქანა ჩემს წინააღმდეგ და ამ ომს მე ივანიშვილის წინააღმდეგ ვერ მოვიგებდი", — წერს ის.

არქივიდან: გოგაშვილი 16 ივლისს დააკავეს, მას ბრალდება სამი მუხლით აქვს წაყენებული.

  • დაკავების შემდეგ სუს-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა არაერთი მამხილებელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც მმართველ გუნდს ადანაშაულებდა — მათში გომელაურიც ფიგურირებდა.
  • გარდა ამისა, მან NGO-ებს გადასცა დოკუმენტები, რომლებიც მისი თქმით, არჩევნებში სუს-ის ჩართულობას და ამომრჩევლის დაშინებას ასახავს.