სახალხო დამცველმა 7 პუნქტით ახსნა, თუ რატომ გაასაჩივრა პარლამენტის მიერ 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეტანილი ცვლილებები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომბუდსმენი სარჩელით ითხოვს ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას.

  • ომბუდსმენის განცხადებით, ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.
  • პასუხად, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ სახალხო დამცველის აპარატი "ნაცებთან შეზრდილ ორგანიზაციად" მოიხსენია და თქვა, რომ მან იერიში მიიტანა ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად.

რას მიზეზებს ასახელებს ლომჯარია: მისი თქმით, რეგულაციით 2027 წლამდე (ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე) დასაშვები ხდება სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელება.

  • ასევე, განმარტავს, რომ დასაშვები ხდება შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის წესების დაცვის გარეშე მშენებლობის წარმართვა.
  • ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ სადავო რეგულირებით დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით, განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება.
  • "სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობაც".

გარდა ამისა, სახალხო დამცველი ამბობს, რომ დასაშვები გახდა კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა.

  • "მივიჩნიეთ, რომ აღნიშნული დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის და არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად".
  • ლომჯარიას თქმით, ეს ცვლილება არღვევს კონსტიტუციით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი კი ამბობს, რომ ეს მიზანმიმართული შეტევაა იმ პროგრამაზე, რომელიც არის ნომერ პირველი ქალაქ ბათუმისათვის.

  • "ჩვენ ვიქნებით გარანტორი, რათა [მოსახლეობას] ჰქონდეს უკეთესი საცხოვრებელი და უსაფრთხო გარემო".