სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე აცხადებს, რომ წერილში მის წინააღმდეგ აგორებული "ცილისმწამებლური და ბინძური" კამპანიის დეტალები გადმოსცა.

დეტალები: მისი თქმით, მხოლოდ ის დააფიქსირა, რომ შავნაბადას სპეცდანიშნულების რაზმი მისი საკურატორო არ იყო და ბრძანებასაც ვერ გასცემდა.

  • "არც ადრე და მით უმეტეს არც ამ წერილში მე არ მითქვამს, რომ გაიცა ვინმეს ლიკვიდაციის ბრძანება პანკისში ჩატარებული დაკავებების დროს";
  • რაც შეეხება ჩანაწერს, რომელსაც გოგაშვილი ახსენებდა, ის განმარტავს, რომ იქ ისმის "მედიკოსის, ვახასის და ბინძური აგენტის" ხმა.
  • "აგენტი ახორციელებს ბინძურ, მიზანმიმართულ მუშაობას ჩემს წინააღმდეგ. ჩანაწერი თავის დროზე გამოქვეყნდება და ყველა კითხვას მოხსნის".

რატომ არის მნიშვნელოვანი: დაკავების შემდეგ გოგაშვილმა არაერთი წერილი გაავრცელა, რომლებშიც მმართველი გუნდის სავარაუდო დანაშაულებზე ისაუბრა, მათში ფიგურირებს ვახტანგ გომელაურიც.

  • ადვოკატის თქმით, გომელაურმა გოგაშვილს ციხეში დაურეკა და დაემუქრა.

ბოლო ღია წერილში გოგაშვილმა ვახტანგ გომელაურს მიმართა და აქვე ახსენა მაჩალიკაშვილის საქმე — მისი თქმით, გომელაურს შეეძლო ეთქვა: "შავნაბადას სპეცრაზმი არ ექვემდებარება გოგაშვილს და მათზე ის ვერ გასცემდა ბრძანებას, ეს არის ჩემს დაქვემდებარებაში".

  • გოგაშვილი ამბობს, რომ პასუხისმგებლობის აღების ნაცვლად, გომელაური საიდუმლოდ შეხვდა მედიკო მარგოშვილს და "თავის დაძვრენა განიზრახა";
  • "თქვენ ამ გამწარებულ ოჯახთან გაგზავნეთ ბინძური ადამიანი, რომელსაც უხდით ფულს და დაავალეთ ჩემ წინააღმდეგ მუშაობა, რათა დაეჯერებინა ოჯახი, თითქოსდა ჩემს მიერ ჩადენილ დანაშაულში";
  • ამტკიცებს, რომ პირმა დავალების შესრულების დასტურად ჩანაწერიც გააკეთა, რომელიც მის ხელში აღმოჩნდა.

რას ამბობს ოჯახი: წერილს მალხაზ მაჩალიკაშვილი გამოეხმაურა და თქვა, რომ წერილების ნაცვლად, უმჯობესია, გოგაშვილმა ზუსტად გაავრცელოს, რა მოხდა.

  • "ერთი მეორეზე გადაბრალებას, დადონ ის, რაც მოხდა — რატომ მოკლეს, ვინ დაგეგმა, რატომ დაიგეგმა";
  • "ყველამ თავისი წილი აიღოს, თუ რამე გააჩნია ჩანაწერის სახით, ყველაფერი დადოს. ეს ჩემთვის ძალიან კარგი იქნება. ისიც დადონ, თვითონ სად რაში არიან დამნაშავეები".