სახალხო დამცველი ასაჩივრებს იმ ცვლილებებს, რომელიც პარლამენტმა 2022 წლის 23 ივნისს, საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში შეიტანა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ომბუდსმენის განცხადებით, ეს არის დროებითი რეგულაცია, რომელიც სამშენებლო კომპანიებს უფლებას აძლევს შენობა-ნაგებობის მშენებლობის პროცესი უსაფრთხოების, მშენებლობის ძირითადი პირობების, სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის წესების დაცვის გარეშე წარმართონ.

  • სახალხო დამცველი განმარტავს, რომ ცვლილებებით შესაძლებელი გახდა ბათუმში დაგეგმილ ზოგიერთ მშენებლობაზე არ გავრცელდეს გარკვეული სამშენებლო ვალდებულებები.
  • მათ შორისაა ისეთი ვალდებულებებიც, რომლებიც უზრუნველყოფს შენობა-ნაგებობის უსაფრთხოებას, ჯანმრთელობისთვის უვნებელ გარემოს და შშმ პირთა მისაწვდომობის უფლების რეალიზებას.

ომბუდსმენი ითხოვს ბათუმში დაგეგმილი მშენებლობების განსახორციელებლად დამტკიცებული დროებითი საგამონაკლისო წესის შეჩერებას და არაკონსტიტუციურად ცნობას.

  • ასევე, მოსალოდნელი გამოუსწორებელი ზიანის თავიან არიდების მიზნით, კონსტიტუციური სარჩელით ითხოვენ, შეჩერდეს სადავო ნორმების მოქმედება სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

დეტალები: სახალხო დამცველის განცხადებით, სადავო რეგულირებით, 2027 წლამდე ბათუმის განაშენიანების გენერალური გეგმის დამტკიცებამდე, დასაშვები გახდა შენობა-ნაგებობებისთვის დადგენილი უსაფრთხოების ნორმების და ფუნქციური ზონით დადგენილი პირობების დარღვევით.

  • ასევე განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის (კ-2) და შენობა-ნაგებობის მაქსიმალური სიმაღლის ნებისმიერი მოცულობით გადაჭარბება.
  • "კანონმდებლობით დადგენილი ყველა სხვა სავალდებულო პირობის უგულებელყოფა, გარდა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კანონმდებლობით განსაზღვრული რეგულაციებისა".

ომბუდსმენი მიიჩნევს, რომ განსაკუთრებით საგანგაშოა შენობა-ნაგებობის სიმტკიცის, მდგრადობის, სახანძრო უსაფრთხოების და ევაკუაციის ნორმების დაუცველად სამშენებლო პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

  • მისი განცხადებით, ეს დიდ რისკს ქმნის ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ასევე არღვევს კონსტიტუციის მე-10 მუხლით დადგენილ სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, მიიღოს შესაბამისი ზომები ადამიანის სიცოცხლის დასაცავად.
  • სახალხო დამცველის აპარატში ამბობენ, რომ სადავო ნორმებით შეჩერებულია მშენებლობების განხორციელებისას შშმ პირებისთვის მისაწვდომობის უზრუნველყოფის პირობა.
  • ამით კი სახელმწიფო არღვევს კონსტიტუციის მე-11 მუხლის მე-4 პუნქტით ნაკისრ ვალდებულებას საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრული, თანასწორი და დამოუკიდებელი მონაწილეობისთვის უზრუნველყოს შშმ პირებისთვის მისაწვდომი გარემო.

გარდა ამისა, სახალხო დამცველის განცხადებაში ვკითხულობთ, რომ გასაჩივრებული წესი დასაშვებად მიიჩნევს ბათუმში ისეთი სამშენებლო პროექტების განხორციელებას, რომელსაც შეუძლია ჯანმრთელობისთვის უვნებელ საცხოვრებელ გარემოზე სერიოზული უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს.

  • ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ აქტიური, ქაოტური და სპონტანური მშენებლობების შედეგად სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით ბათუმში არსებული მძიმე მდგომარეობის შემსუბუქებისათვის აუცილებელია ღონისძიებების დაგეგმვა-განხორციელება და არა პირიქით.
  • მათივე თქმით, განაშენიანების გენერალური გეგმის და კოდექსით დადგენილი მოთხოვნების გარეშე მასიური მშენებლობების განხორციელებამ შესაძლოა გამოუსწორებელი ზიანი მიაყენოს გარემოს დაცვის უფლებას.

აჭარის მთავრობის სხდომაზე ომბუდსმენის საჩივარს თორნიკე რიჟვაძე გამოეხმაურა.

  • მან სახალხო დამცველს აპარატი "ნაცებთან შეზრდილ ორგანიზაციად" მოიხსენია და თქვა, რომ მან იერიში მიიტანა ღონისძიებებზე, რომელიც ტარდება ავარიული სახლების პროგრამის ასამოქმედებლად.
  • რიჟვაძემ თქვა, რომ ბოლომდე დაიცავენ ამ საკონსტიტუციო ცვლილებებს.