ტაბლეტის გადაყლაპვის შემდეგ იგი ჯერ კუჭში ხვდება, შემდეგ — ნაწლავებში, ბოლოს კი — სისხლში. შესაძლოა, თქვენი სხეულის ზოგიერთმა პოზამ ორალური მედიკამენტის ათვისება შეაფერხოს და ამისათვის ორგანიზმს საათით მეტი დროც კი დასჭირდეს.

მართალია, ვიტამინების შემთხვევაში ამით არაფერი დაშავდება, თუმცა შესაძლოა, სხეულის მიერ მათი ათვისების სიჩქარე გამაყუჩებლების, წნევის მარეგულირებლების ანდა მსგავსი სხვა მედიკამენტების მიღებისას ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.

ახლახან ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მკვლევრებმა მოდელირება ჩაატარეს და წარმოადგინეს, თუ როგორ იხსნება ტაბლეტები კუჭში მოხვედრის შემდეგ. მათ დაადგინეს, რომ წამლის უსწრაფესი ათვისებისთვის იდეალური პოზა არა გამართულად ჯდომა, არამედ მარჯვენა მხარეს გადახრაა. კვლევა ჟურნალში Physics of Fluids გამოქვეყნდა.

კვლევის ავტორებმა კუჭის კომპიუტერული ნიმუშის საშუალებით სხეულის ოთხი სხვადასხვა პოზა შეამოწმეს. მოდელის შესაქმნელად მათ 34 წლის კაცის სხეული დაასკანერეს და მიღებული მაღალი გარჩევადობის გამოსახულებები გამოიყენეს.

მოდელმა, სახელად StomachSim, მომნელებელ ტრაქტში მოხვედრილი აბის ბიომექანიკის სიმულაცია შემოგვთავაზა. მეცნიერები დააკვირდნენ, თუ რამდენად სწრაფად გადავიდოდა იგი თორმეტგოჯა ნაწლავში (წვრილი ნაწლავის საწყისი ნაწილი, რომელშიც საკვები ნივთიერებების ათვისება იწყება).

მარჯვენა მხარეს გადახრისას ან დაწოლისას წამლის მიღებისას წამალი კომპიუტერული კუჭის უღრმეს ნაწილში ხვდებოდა და იმაზე ორჯერ უფრო სწრაფად იხსნებოდა, ვიდრე გამართულად ჯდომისას მიღებული აბები. მეორე მხრივ, მარცხენა მხარეს გადახრის/დაწოლის შემთხვევაში წამლის ათვისებას იმაზე ხუთჯერ დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე სწორად ჯდომისას.

ფოტო: Khamar Hopkins/Johns Hopkins University/Next.On.ge

საგულისხმოა, რომ ნაშრომის შედეგებს წინა კვლევებიც ეხმიანება, რომლებითაც დგინდება, რომ მარჯვენა მხარეს წოლა/ჯდომა/გადახრა კუჭიდან ნაწლავში საკვებისა და ორალური მედიკამენტების გადასვლას აჩქარებს.

თავისთავად, კუჭში, ნაწლავებსა და სისხლში საკვებისა და მედიკამენტების მოხვედრის შემდეგ საკმაოდ ბევრი რამ ხდება, ამიტომაც არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ კომპიუტერული სიმულაციები საკმაოდ კომპლექსური პროცესების ძალიან გამარტივებული მოდელებია.

აღსანიშნავია ისიც, რომ მონელებაზე გავლენა კუჭში სითხის, აირისა და საკვების რაოდენობასაც აქვს, მეცნიერებს კი ამის სიმულირება არ ჩაუტარებიათ. გასათვალისწინებელია ისიც, რომ, გენეტიკური განსხვავებიდან გამომდინარე, შესაძლოა, სხვადასხვა ადამიანის სხეული წამლებს მეტნაკლებად განსხვავებულად ითვისებდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.