საუდის არაბეთში ქალს, რომელიც სამშობლოში ზაფხულის არდადეგებზე დაბრუნდა, 34-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. სასამართლოს თქმით, პატიმრობის მიზეზი ტვიტერით სარგებლობა და საუდის არაბეთის პოლიტიკის მოწინააღმდეგე ადამიანებისთვის კომენტარების დაწერაა.

დაკავებული სალმა ალ-შეჰაბი ორი შვილის დედაა და ბრიტანეთში სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობს. საუდის არაბეთში კი საზაფხულო არდადეგების დროს დაბრუნდა და მთავრობამ სწორედ მაშინ დააკავა.

თავდაპირველად ქალს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს, რადგან ტვიტერის აქტიური მომხმარებელი იყო. გასულ ორშაბათს კი სააპელაციო სასამართლომ ახალი განაჩენი გამოიტანა, რადგან პროკურატურამ სხვა სავარაუდო დანაშაულების განხილვაც მოითხოვა. შედეგად, ქალმა 34 წელი პატიმრობაში უნდა გაატაროს.

ფოტო: Twitter

ალ-შეჰაბი არც ბრიტანეთში და არც საუდის არაბეთში აქტივისტად არ ითვლება. ქალს ინსტაგრამზე მხოლოდ 159 გამომწერი ჰყავს და როგორც ინფორმაციაში აქვს მითითებული, ლიდსის უნივერსიტეტში სადოქტორო პროგრამაზე სწავლობდა, პარალელურად კი ლექციებსაც ატარებდა.

რაც შეეხება ალ-შეჰაბის ტვიტერის ანგარიშს, ქალს 2597 გამომწერი ჰყავს. ის ძირითადად ინფორმაციას COVID-19-ის შესახებ ავრცელებდა და ოჯახის ფოტოებსაც ხშირად აქვეყნებდა. ალ-შეჰაბმა რამდენჯერმე დააკომენტარა ემიგრაციაში მცხოვრები აქტივისტების პოსტები, რომლებიც საუდის არაბეთში პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. სწორედ ეს გახდა ქალის დაპატიმრების მიზეზი, რომელსაც "არეულობის ხელშეწყობაში" დასდეს ბრალი.