რუსეთში ახლახან გამართულ სამხედრო-ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე Army-2022 რობოძაღლი წარადგინეს, რომელსაც, ადგილობრივი მედიის RIA Novosti ცნობით, რაკეტის გაშვება შეუძლია. ინტერნეტში ვირუსულად გავრცელებულ ვიდეოში მოწყობილობა სწორედ მსგავსი ტექნიკითაა აღჭურვილი და მარტივი მოძრაობების დემონსტრირებას ცდილობს.

რობოტი M-81-ის სახელითაა ცნობილი და, როგორც რუსეთში აცხადებენ, მისი გამოყენება სამოქალაქო და სამხედრო ოპერაციებშია შესაძლებელი, მათ შორის მედიკამენტების გადასატანად, პატრულირებისთვის, უსაფრთხოების გასაკონტროლებლად და სხვა. ვიდეოში მასზე ტანკსაწინააღმდეგო იარაღს RPG-26 ვხედავთ, თუმცა უცნობია, ავტომატურად ართმევს თუ არა ის თავს რაკეტის გაშვების პროცესს.

საინტერესოა, რომ ღონისძიებაზე რუსეთის პრეზიდენტს რობოძაღლი არც კი უხსენებია, ქვეყანაში ირწმუნებიან, რომ ის ადგილობრივი კომპანიის, Intellect Machine-ის მიერაა შექმნილი, თუმცა მედიაში არაერთხელ გაიჟღერა მოსაზრებამ, რომ M-81 ძალიან ჰგავს ჩინურ კომერციულ რობოტს, რომელიც Ali Express-ზე 2 700 აშშ დოლარად იყიდება და Unitree Robotics-ის მიერ იწარმოება.

ფოტო: Handout

თუ დააკვირდებით, შენიშნავთ, რომ ამ ორი რობოტის თავზე, წინა მხარეს განთავსებული ოპტიკური სენსორების ფორმა მართლაც ერთნაირია. საეჭვოა ის ფაქტიც, რომ M-81 მთლიანად შავი ქსოვილითაა დაფარული.

თავად Unitree Robotics-ში ამბობენ, რომ მათი რობოტები მხოლოდ სამოქალაქო დანიშნულებისაა და რუსეთისთვის სამხედრო ფუნქციით გამოსაყენებლად მოწყობილობები არ მიუყიდიათ. აცხადებენ იმასაც, რომ თუ ეს მართლაც მათი რობოძაღლი Go1-ა, მაშინ საქმე გადამყიდველებთან უნდა გვქონდეს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.