განცხადების ავტორები უკრაინელი ხალხის მიმართ მხარაჭერას გამოხატავენ და ხაზს უსვამენ, რომ რუსეთმა უკრაინასა და საქართველოში საერთაშორისო სამართალი დაარღვია და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას აგრძელებს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: საქართველოში მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის პერიოდში რუსი ვიზიტორების ტემპი მნიშვნელოვნადაა გაზრდილი.

  • ამასთან, უკრაინაში შეჭრის შემდეგ ქვეყანაში 6400-მდე რუსული კომპანია დარეგისტრირდა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 7-ჯერ აღემატება.

დეტალები: ორგანიზაციები წერენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის მასობრივი შემოდინება მიუთითებს, რომ მათ სანქციების გამო შექმნილი რთული ეკონომიკურ ვითარებისთვის სურთ თავის არიდება.

  • მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში შემოსული რუსეთის მოქალაქეებისა და ბიზნესის კონტროლი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების საკითხია.
  • წერენ, რომ სხვადასხვა ფაქტორი, მათ შორის, განგრძობადი ოკუპაცია, რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილი ეთნიკური წმენდა, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, უკრაინაში შეჭრა და ა.შ. სავიზო რეჟიმის დასაწესებლად საკმარისი საფუძველია.

ორგანიზაციების განცხადებით, ნებისმიერ დამოუკიდებელ ქვეყანას აქვს უფლება, გადაწყვიტოს, რომელი ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შემოსვლის, გადაადგილებისა და სიკეთით სარგებლობის უფლება.

  • მათივე თქმით, აპრობირებული პრაქტიკაა, რომ ოკუპანტი და მტრულად განწყობილი ქვეყნის მოქალაქეებს გარკვეული უფლებებით სარგებლობა შეეზღუდოთ და ეს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთანაცაა თანხვედრაში.
  • "მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ დაუწესდეს სავიზო რეჟიმი რუსეთის მოქალაქეებს და გადაიხედოს ქვეყნის ტერიტორიაზე უკვე შემოსულ პირთა სამართლებრივი სტატუსი".
  • განცხადების ხელმომწერთა სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კონტექსტი: გარდა იმისა, რომ რუსეთიდან შემოსული ვიზიტორების რიცხვი გაზრდილია, ვრცელდება არაერთი ფოტო-ვიდეო და ზეპირი ისტორია იმაზე, რომ ტურისტულ რეგიონებში რუსები აპროტესტებენ ანტიოკუპაციურ პოსტერებს, ხმამაღლა უსმენენ რუსულ მუსიკებს და იწუნებენ უკრაინულს.

  • 4 აგვისტოს რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის დაწესების მოთხოვნით მოქალაქეებმა პეტიციაც შექმნეს.