ინფორმაციას დაღუპული მოზარდის და, სალომე ბარკერი ავრცელებს.

დეტალები: მისი ცნობით, სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო სპორტის მასწავლებელი.

  • ხოლო დამრიგებელს მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა სამი წლით, რაც განესაზღვრა პირობითი სასჯელით.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 2019 წლის 26 მაისს, სასკოლო ექსკურსიაზე ლაგოდეხის ნაკრძალში ნინოსხევის ჩანჩქერზე 16 წლის მოზარდი დაიღუპა — საქმის ფარგლებში ბრალი ორ მასწავლებელს ჰქონდა წარდგენილი გულგრილობის მუხლით, რამაც სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

  • თავდაპირველად სასამართლომ ბრალდებულები აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვა.
  • მოგვიანებით კი 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

გამოძიების თანახმად, ექსკურსიაზე მოსწავლეები დირექტორის ბრძანების საფუძველზე, სკოლის მიკროავტობუსით და მასწავლებლების თანხლებით წავიდნენ და დანიშნულების ადგილზე ჩასვლისას მათთვის ცნობილი გახდა, რომ მეტეოროლოგიური პირობების გამო მდინარე ადიდდა, სწრაფი დინებით გამოირჩეოდა და ჩანჩქერზე სახიფათო მდგომარეობა იყო.

  • პედაგოგებისთვის ასევე ცნობილი იყო, რომ მოსწავლე სოფიო ნიკოლეიშვილი აპირებდა საბანაოდ ჩანჩქერში შესვლას;
  • მიუხედავად ამისა, როგორც უწყება ამბობს, ერთ-ერთი მასწავლებელი მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილებით შემოიფარგლა, მეორემ კი საფრთხეზე ნაკრძალის რეინჯერის უშუალო გაფრთხილების მიუხედავად, თავად აიღო პასუხისმგებლობა გაძღოლოდა მოსწავლეთა ჯგუფს და ჩანჩქერზე აეყვანა;
  • იქ ასვლის შემდეგ, პედაგოგების მიერ გამოჩენილი გულგრილობის და წინდახედულობის ნორმების უგულებელყოფის შედეგად უმეთვალყურეოდ დარჩენილი სოფიო ნიკოლეიშვილი ჩანჩქერის სწრაფ დინებაში შევიდა და ვეღარ მოახერხა ნაპირზე დაბრუნება.