ნეკა დოროყაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩვენება მისცა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ქართველ ჩოგბურთელს, ნიკოლოზ ბასილაშვილს არასრულწლოვანი შვილის თანდასწრებით ყოფილ ცოლზე ძალადობაში ედება ბრალი.

  • რამდენიმე თვის წინ ამ საქმის ფაილები გავრცელდა, სადაც ისმოდა, რომ ჩოგბურთელი ყოფილ ცოლს შეურაცხყმოფელად მოიხსენიებს და მის დამცირებას ცდილობს.
  • დღევანდელ სხდომაზე დოროყაშვილმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფის შესახებ ისაუბრა და ვიდეომტკიცებულება წარადგინა.

ფსიქოლოგიური ძალადობა და შეურაცხყოფა: დოროყაშვილი იხსენებს, რომ ყოფილი ქმარი მას სხვადასხვა ცხოველის სახელს ეძახდა, მათ შორის მაშინ, როდესაც ორსულად იყო.

  • "მაგალითად, მეძახდა ვირთხას, გველს, რწყილს".
  • მისი თქმით, ბასილაშვილი გამუდმებით აკონტროლებდა — ურჩევდა მეგობრებს, სოციალურ ქსელში დასადებ ფოტოებს და ა.შ.
  • როგორც ის ამბობს, ყოფილი ქმარი მიიჩნევდა, რომ მას არ უნდა ემუშავა და სწავლა არ გაეგრძელებინა.
  • "ერთ დღეს გამომიცხადა, რომ მე ვარ მეფე და შესაბამისად, მე უნდა მოვქცეულიყავი როგორც მისი ქვეშევრდომი".

ფიზიკური ძალადობა: დოროყაშვილმა ფიზიკური ძალადობის არაერთ შემთხვევაზე ისაუბრა, პროკურატურამ კი ვიდეო წარადგინა.

  • "ყოფილა შემთხვევა, როდესაც კონფლიქტის მერე საწოლზე წამოვწოლილვარ, გამოუღია მაცივრიდან ცივი წყალი და ჩემთვის ჩაუსხამს ყურში. იყო თმით თრევა, საჭმლის შეყრა სახეში".
  • დოროყაშვილის თქმით, ერთ-ერთი შემთხვევისას ბასილაშვილმა სასტუმროს ოთახში თმით ითრია, მუცელში წიხლები ურტყა და თავში დაარტყა.
  • მისივე თქმით, ძალადობის შემდეგ ბასილაშვილმა ნივთების ჩალაგება დაიწყო ჩოგნების ჩანთაში და როდესაც დაასრულა, ეს ჩანთა მას ესროლა.
  • ვიდეოში მართლაც ჩანს როგორ როგორ ალაგებს ბასილაშვილი ჩანთას და შემდეგ დოროყაშვილის მიმართულებით ისვრის.

გარდა ამისა, დოროყაშვილი ნიკოლოზ ბასილაშვილის დედის მხრიდან ბავშვზე ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის შემთხვევებზეც საუბრობს.

  • მისი თქმით, ბებიამ ბავშვს უთხრა, რომ "დედის ჭუჭყიან მუცელში იჯდა".
  • დოროყაშვილი ამბობს, რომ ბავშვმა მოუყვა, როგორ დაარტყა ბასილაშვილის დედამ თავში.
  • "ფსიქოლოგიური ექსპერტიზა ჩაუტარდა ლუკას და მას შემდეგ გამოეწერა ნიკოლოზის დედას შემაკავებელი ორდერი", — ამბობს ის.

ნიკოლოზ ბასილაშვილი პროცესს დისტანციურად ჩაერთო.

  • მანდ ძალადობის ბრალდებები უარყო, ვიდეომტკიცებულებას კი სისულელე უწოდა და თქვა, რომ მისი მხრიდან არც ძალადობა და არც გინება არ ჩანს.

არქივიდან: ნიკოლოზ ბასილაშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 100 ათასი ლარის ოდენობის გირაო შეუფარდა. ამასთან, შემაკავებელი ორდერი იყო გამოცემული როგორც ჩოგბურთელის, ისე მისი მშობლების მიმართ.

  • 22 იანვარს TV პირველმა გაავრცელა აუდიოჩანაწერები, რომელიც მათი თქმით, ნიკოლოზ ბასილაშვილსა და ნეკა დოროყაშვილს ეკუთვნის.
  • ჩანაწერებში ჩოგბურთელი დოროყაშვილს სოციალურ ქსელში პოსტის რეკლამირებისთვის ეკამათება და ეუბნება, რომ "ღირსება" არ გააჩნია, რაზეც დოროყაშვილი პასუხობს, რომ ამ ფულს დაუბრუნებს.
  • ჩანაწერებში ისმის კამათი შვილთან დაკავშირებით — ბასილაშვილი დოროყაშვილს ეუბნება: "შენ თვითონ გაზრდი და მოუარე".
  • ის ფაილების ნამდვილობას არ უარყოფს, თუმცა ამტკიცებს, რომ დიალოგი, სადაც მისი და ყოფილი ცოლის საუბარი ისმის,"სრული სახით ნაჩვენები" არ ყოფილა და "ნამდვილ შინაარსს არ ასახავდა".