ამერიკის კინოხელოვნებათა და მეცნიერებათა აკადემიამ ცნობილ აბორიგენ აქტივისტსა და მსახიობს, საჩინ ლითლფეზერს ოსკარის დაჯილდოებაზე მიყენებული შეურაცხყოფისთვის თითქმის ნახევარი საუკუნის დაგვიანებით მოუბოდიშა.

საჩინი 1973 წლის ოსკარის დაჯილდოების ცერემონიაზე მარლონ ბრანდოს ნაცვლად გამოჩნდა, რადგან ეს უკანასკნელი ადგილობრივი ამერიკელების მხარდაჭერის ნიშნად ღონისძიებაზე არ მისულა. თუმცა, ცერემონიაზე ოსკარი საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაში ნათლიაში შესრულებული ვიტო კორლეონეს როლისთვის სწორედ ბრანდოს გადაეცა. სცენაზე მის მაგივრად ღონისძიებაზე მყოფი ლითლფეზერი ავიდა, მსახიობის სახელით წამყვანს პრიზი არ გამოართვა და დამსწრე აუდიტორიას სიტყვით მიმართა.

აღსანიშნავია, რომ სწორედ იმ პერიოდში ამერიკის აბორიგენ მოსახლეობაში მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო პროტესტის ახალი ტალღა გაჩნდა და მარლონ ბრანდოს გადაწყვეტილების საფუძველიც სწორედ ეს იყო.

ლითლფეზერმა კი თავის სიტყვით გამოსვლაში აღნიშნა, რომ ცნობილი მსახიობის პოზიცია იმას უკავშირდებოდა, თუ როგორ ექცეოდა ადგილობრივ ამერიკელებს კინოინდუსტრია და ტელევიზია. საჩინმა ასევე ახსენა მიმდინარე საპროტესტო პროცესი და მისი მოტივი.

აბორიგენი აქტივისტის სიტყვით გამოსვლას დარბაზიდან მაშინვე მოჰყვა დაცინვა, ლითლფეზერმა კი, რომელიც მაშინ 26 წლის იყო, გაიხსენა, რომ მსახიობი ჯონ უეინი დაცვამ გააკავა, რათა იგი თავს არ დასხმოდა. მისი მისამართით შეურაცხმყოფელი კომენტარები კულისებში სხვებმაც გამოიყენეს.

49 წლის შემდეგ კი, კინოაკადემიამ გადაწყვიტა, საჩინისთვის ფორმალურად მოებოდიშებინა "უსაფუძვლო და გაუმართლებელი შეურაცხყოფისთვის". ორგანიზაციის განცხადებით, ლითლფეზერის გამოსვლა "ძლიერი განაცხადი იყო, რომელიც ყოველთვის გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანი და აუცილებელია ადამიანებისა და მათი ღირსების პატივისცემა".

ბოდიშს თავად აბორიგენი აქტივისტიც გამოეხმაურა, რომელიც ამჟამად 75 წლისაა.

"ჩვენ, ადგილობრივი ამერიკელები, მომთმენი ხალხი ვართ, სულ რაღაც 50 წელი გავიდა", — აცხადებს ლითლფეზერი, — "ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ამ დღეს მოვესწრებოდი. ოცნება ნამდვილად ამიხდა. გასაოცარია, რამდენი რამ შეიცვალა მას შემდეგ, რაც 50 წლის უკან კინოაკადემიის ჯილდოზე უარი ვთქვი".

გასულ წელს საჩინმა გაიხსენა, რომ 1973 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ბრანდოს სახელის გამოცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მივიდა. მას 8-გვერდიანი სიტყვა მისცეს წასაკითხად იმ შემთხვევაში, თუკი მარლონი გაიმარჯვებდა. თუმცა, ღონისძიების რეჟისორმა ჰოუარდ კოჰმა უთხრა, რომ სიტყვით გამოსასვლელად მხოლოდ 60 წამი ექნებოდა, ამიტომ ტექსტი თავადვე მოიფიქრა.

"მე სცენაზე მეომარი ქალივით ავედი", — ჰყვება ლითლფეზერი, — "ჩემი ხალხისთვის დამახასიათებელი მოხდენილობით, მშვენიერებით, გამბედაობითა და თავმდაბლობით ავედი და გულიდან ვილაპარაკე".