ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) დარიალი ჰესის დაფინანსების გადაწყვეტილებით თავისი გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები დაარღვია. ამის შესახებ On.ge-ს მწვანე ალტერნატივიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის დირექტორთა საბჭომ ბანკის დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმის (PCM) მიერ მომზადებული ის ანგარიში დაამტკიცა, რომლის თანახმადაც, EBRD-მ , დარიალის ჰესის დაფინანსების გადაწყვეტილებით, დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკით განსაზღვრული მოთხოვნები.

"დასკვნის თანახმად, EBRD-მა სათანადოდ არ შეაფასა პროექტთან დაკავშირებული გეოდინამიკური რისკები დარიალ ჰესის ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშში. დასკვნაში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაციაში შეფასებული იყო მხოლოდ პროექტის განხორციელებით გამოწვეული რისკები, და არა ისეთი საფრთხეები, როგორიცაა მეწყერები და ღვარცოფები, რომელთაც შესაძლებელია საფრთხე შეუქმნას დარიალი ჰესის ინფრასტრუქტურას, მომუშავე და საპროექტო არეალში მყოფ ადამიანებს. შესაბამისად, პროექტის დაფინანსების თაობაზე დადებითი გადაწყვეტილების მიღებით ბანკმა დაარღვია საკუთარი გარემოსდაცვითი და სოციალური პოლიტიკა," - აღნიშნავენ მწვანე ალტერნატივაში.

მათივე ინფორმაციით, დამოუკიდებელმა გასაჩივრების მექანიზმმა EBRD-ს მოუწოდა, რომ დარიალის ჰიდროელექტროსადგურის პროექტთან დაკავშირებით:

  • პროექტის მიერ წარმოქმნილი და დამოუკიდებლად არსებული რისკების/საფრთხეების გამოავლინოს და ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების (ბსგზშ) ანგარიშთან ინტეგრირება გააკეთოს;
  • ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშში გარემოსდაცვითი მონაცემები განაახლოს;
  • აქტიურად იმუშაოს დარიალი ჰესის ინვესტორთან;
  • დაასაბუთოს რომ მდინარეში არსებული წყლის ოდენობა უზრუნველყოფს ბიომრავალფეროვნების და კონკრეტულად, ნაკადულის კალმახის შენარჩუნებას.

მწვანე ალტერნატივამ და ადგილობრივმა არასამთავრობო ორგანიზაცია - სტეფანწმინდამ დარიალის ჰესისთვის კრედიტის გამოყოფის შესახებ საჩივარი 2014 წლის 22 ნოემბერს შეიტანეს. გამსაჩივრებლები ითხოვდნენ დამოუკიდებელი გასაჩივრების მექანიზმისგან დარიალი ჰესის პროექტის თავსებადობის შეფასებას EBRD-ის შესაბამის გარემოსდაცვით და სოციალურ პოლიტიკებთან.