17 მაისს, სავარაუდოდ, პოლიციის ეკიპაჟის დევნის დროს, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილი, ბექა ხახუბია ავტო ავარიაში დაიღუპა.

ინციდენტის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ზვიად კუპრავამ გაავრცელა, რომელიც ყოფილი პოლიციელია.

კუპრავა წერდა, რომ ბექა ხახუბია მანქანით მიემგზავრებოდა თბილისიდან დასავლეთ საქართველოს მიმართულებით, რა დროსაც მას დაახლოებით გორთან დაედევნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი და მძღოლს მანქანის გაჩერება მოსთხოვა. კუპრავას ცნობით, ხახუბია იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში, შეეშინდა მართვის მოწმობის ჩამორთმევის, არ დაემორჩილა პოლიციას და დასხლტომის მიზნით, გადაჭარბებული სიჩქარით გააგრძელა გზა.

ზვიად კუპრავა წერს, თითქოს ხაშურთან, ბექა ხახუბია მიხვდა, რომ საპატრულო პოლიცია მისი დევნის შეწყვეტას არ აპირებდა და ხაშურის ცენტრში, წრესთან, მოაბრუნა მანქანა და გეზი ისევ თბილისისკენ აიღო:

"ამ დროს, გორის გვირაბის გასასვლელში დასვენების მიზნით გაჩერებულ სატვირთო ტრაილერის მძღოლს, გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა უკანონოდ ჩამოართვეს მისი კუთვნილი სატვირთო მანქანა და ჩახერგეს გორის გვირაბის გასასვლელი. დიდი სისწრაფით მოძრავმა ბექა ხახუბიამ, რომელიც უკვე განათებული გვირაბიდან სიბნელეში გამოდიოდა, ვერ შეამჩნია ტრაილერი და მაქსიმალური სიჩქარით შეეჯახა მას."

კუპრავას მტკიცებით, 21 წლის ბექა ხახუბია პოლიციის უკანონო ქმედებას შეეწირა.

საქმეს საქართველოს პროკურატურა 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით იძიებს, რაც გულისხმობს ავტოტრანსპორტის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

On.ge ცდილობდა გაერკვია, ნამდვილად პოლიციის დევნისას დაიღუპა თუ არა ხახუბია, თუმცა, პროკურატურის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ დამატებითი ინფორმაციის გაცემა ამ ეტაპზე არ შეუძლიათ.