მეცნიერებმა ახლახან ხორხის იმ ევოლუციურ სახეცვლილებებს მიაგნეს, რომელთა წყალობითაც ადამიანებს საუბარი შეგვიძლია, სხვა პრიმატებს კი — არა. ამისათვის მათ პრიმატთა 43 სახეობის ხორხი შეისწავლეს. კვლევის შედეგები ჟურნალ Science-ში გამოქვეყნდა.

კერძოდ, მკვლევრებმა შიმპანზეების, გორილების, ორანგუტანების, გიბონების, მაკაკების, ანთარების, პავიანების, მანდრილების, კაპუცინების, თამარინებისა და პატარა მოთამაშე მაიმუნების ლარინგალური (ხორხის) ანატომია გამოიკვლიეს.

შედეგად დადგინდა, რომ ადამიანებს, მაიმუნებისგან განსხვავებით, ანატომიური სტრუქტურა, სახელად ვოკალური მემბრანა, აკლიათ. ასევე არ გვხვდება ბუშტის მაგვარი ლარინგალური სტრუქტურები, საჰაერო პარკები, რომლებიც მაიმუნთა მიერ წარმოქმნილ ხმამაღალ ბგერებზე აგებს პასუხს.

ამ ელემენტთა ნაკლებობა ადამიანებში სტაბილურ ვოკალურ რესურსს წარმოშობს, რომელიც მეტყველების განვითარებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. სწორედ ხორხის სიმარტივემ მოგვცა ხმის ტონალობის ესოდენ დახვეწილი კონტროლისა და სტაბილური სამეტყველო ხმების გამოცემის საშუალება, ეს კი თანამედროვე მეტყველებაში გამოიხატება.

"ვცდილობთ დავამტკიცოთ, რომ სხვა პრიმატებში მეტად კომპლექსური სახმო სტრუქტურების ქონას ვიბრაციათა ზედმიწევნით კონტროლის გართულება შეუძლია", — განაცხადა პრიმატოლოგმა და კვლევის მთავარმა ავტორმა ტაკეში ნიშიმურამ.

ევოლუციური ბიოლოგისა და კვლევის თანაავტორის, ტეკუმსე ფიჩის, თქმით, ვოკალური მემბრანები სხვა პრიმატებს უფრო მკვეთრი და მაღალი ხმების გამოცემის საშუალებას აძლევს. ადამიანები, მეორე მხრივ, ხორხს ლაპარაკის, სუნთქვისა და ყლაპვისთვის იყენებენ:

"ხორხი ხმის ორგანოა და სიგნალს წარმოქმნის, რომელსაც სიმღერისა და საუბრის დროს ვიყენებთ", — დაამატა ფიჩმა.

გამომდინარე იქიდან, რომ მეცნიერებმა მხოლოდ ცოცხალი სახეობები შეისწავლეს (რბილი ქსოვილები ნამარხებში არ ინახება), შეუძლებელია იმის დადგენა, თუ როდის დაედო საფუძველი ამ ევოლუციურ ცვლილებებს.

ასევე იხილეთ: რატომ აქვთ მუდმივი მკერდი ქალებს, სხვა პრიმატებს კი არა — 3 მთავარი ჰიპოთეზა

შესაძლოა, ე.წ. ლარინგალური გამარტივება ავსტრალოპითეკებში ანდა ჰომინიდების ოჯახის გვარში გაჩენილიყო. ხსენებულთაგან პირველები აფრიკაში 3.85 მილიონი წლის წინ გამოჩნდნენ, მეორენი კი — 2.4 მილიონი წლის წინ.

მეცნიერები აღნიშნავენ იმასაც, რომ ჩვენთვის მეტყველების შესაძლებლობა თავად ხორხის ევოლუციურ გამარტივებას არ მოუცია — გასათვალისწინებელია დამატებითი ფაქტორებიც, მათ შორის, ხორხის ადგილის ცვლილება.

"ვფიქრობ, საკმაოდ საინტერესოა, რომ ევოლუციაში ზოგჯერ "ნაკლები მეტს უდრის" — რომ ერთი თავისებურების დაკარგვამ შესაძლოა, ახალ ადაპტაციებს დაუდოს საფუძველი", — დასძინა ფიჩმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.