Bloomberg-ის ცნობით, ბოლო 1200 წლის განმავლობაში კალიფორნიაში რეკორდული გვალვა ფიქსირდება. შტატი მსოფლიოს მასშტაბით პომიდვრის მოწინავე მწარმოებელია, ამის გამო კი, შესაძლოა, კეტჩუპისა და პომიდვრის სოუსის ფასებმა მოიმატოს.

"საშინლად გვჭირდება წვიმა", — განაცხადა მაიკ მონტანამ, კალიფორნიის პომიდვრის მომშენებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ — "უკვე საჭირო ინვენტარი აღარ გვრჩება იმისათვის, რომ ბაზრის მოთხოვნილების დაკმაყოფილება განვაგრძოთ. ახლა პომიდვრის მოსავლის მოყვანა ძალიან რთულია".

მონტანას თქმით, წყლის კრიზისთან ერთად, ფერმერებს მაღალ ინფლაციასთანაც უწევთ გამკლავება — საწვავისა და სასუქის ღირებულება უფრო მაღალია, რაც მოსავლისაგან მიღებულ სარგებელს ამცირებს მაშინ, როცა პომიდვრის რაოდენობა ისედაც ცოტაა.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ივნისში ჟურნალ Nature-ში უკვე გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც ტემპერატურის მატების გამო პომიდვრის წარმოება შემცირდება.

თავისთავად, კლიმატის ცვლილების უარყოფით გავლენას მხოლოდ კალიფორნია არ განიცდის, მსგავსი ამბები კი ყოველ ჯერზე ხელახლა გვახსენებს, რომ გლობალური დათბობის გავლენის შესაჩერებლად სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება, ეს ყველაფერი კი მიზანმიმართულ, გონივრულ მოქმედებას საჭიროებს.

ასევე იხილეთ: გლობალური დათბობის გამო ფლორიდაში ყველა კუ მდედრობითი სქესისა იბადება

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.