ცნობილმა ბრიტანელმა მწერალმა, ჯოან როულინგმა, სიკვდილის ღია მუქარა მიიღო. ჰარი პოტერის წიგნების სერიის ავტორი ცოტა ხნის წინ მწერალ სალმან რუშდიზე თავდასხმას გამოეხმაურა და ტვიტერზე დაწერა, რომ ამ ამბით შეძრული იყო. იმავე პოსტის კომენტარებში როულინგს პლატფორმის ერთ-ერთი მომხმარებელმა უპასუხა და დაემუქრა: "ნუ იდარდებ, შემდეგი შენ ხარ".

აღსანიშნავია, რომ ამავე მომხმარებელმა მანამდე რუშდიზე თავდამსხმელის ფოტო გაავრცელა და აღნიშნა, რომ იგი რევოლუციის მცველი შიისტია. როულინგისადმი მუქარის ავტორი კი საკუთარ თავს "სოციალურ და პოლიტიკურ აქტივისტს" უწოდებს.

მუქარის მიღების შემდეგ, ბრიტანელმა მწერალმა ტვიტერზე კიდევ ერთი პოსტი გამოაქვეყნა და სოციალური ქსელის ადმინისტრაციას დახმარებისკენ მოუწოდა. მალევე როულინგმა გამომწერებს შეატყობინა, რომ საქმეში პოლიცია ჩაერთო. ავტორისადმი მუქარები დაგმო კომპანია Warner Bros. Discovery-მ.

თავდასხმა სალმან რუშდიზე

რაც შეეხება რუშდიზე თავდასხმას, ეს ინციდენტი ნიუ-იორკის შტატში, 12 აგვისტოს მოხდა. ინდური წარმოშობის ბრიტანელი მწერალი აშშ-ში საჯარო ლექციის წასაკითხად იმყოფებოდა. ღონისძიების სცენაზე ასულ მწერალს თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ; მიყენებული ჭრილობების გამო იგი ადგილობრივ საავადმყოფოში ვერტმფრენით გადაიყვანეს. როგორც ცნობილია, ამ დროისთვის რუშდის მდგომარეობა სტაბილურია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მწერალზე თავდამსხმელი ნიუ-ჯერსიში მცხოვრები ლიბანური წარმოშობის 24 წლის კაცი, ჰადი მატარია. გავრცელებული ცნობით, პოლიციის ოფიცრებმა მის მობილურ ტელეფონში ირანის რევოლუციის მცველების ერთ-ერთი ლიდერის ფოტო იპოვეს, თუმცა, ვარაუდობენ, რომ რუშდიზე თავდასხმის მოტივი, შესაძლოა, 1980-იან წლებში ირანის ლიდერის, აიათოლა რუჰოლა ხომეინის, მიერ გამოცემული განკარგულება იყო. მაშინ ხომეინიმ მიმდევრებს რუშდის მოკვლისკენ მოუწოდა მისი წიგნის, ეშმაკეული აიების, გამო.

მართალია, განკარგულება აქამდე ვერ აღასრულეს, თუმცა, ეშმაკეულ აიებთან დაკავშირებული არაერთი ლიტერატორი იქცა სამიზნედ. 1991 წლის ივლისში რომანის იაპონელი მთარგმნელი, ჰიტოში იგარაში, სამშობლოში მოკლეს. წიგნის იტალიელ მთარგმნელს, ეტორე კაპრიოლოს, ცივი იარაღით დაესხნენ თავს მილანში. 1993 წლის ოქტომბერში ეშმაკეული აიების ნორვეგიელ გამომცემელს ესროლეს ოსლოშიც.

მუქარები როულინგის მისამართით

ფოტო: Getty Images

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა პოტერიადის ავტორმაც მიიღო სიკვდილის მუქარები. 2021 წლის ნოემბერში როულინგმა დაწერა, რომ მოკვლით უამრავი ადამიანი დაემუქრა. მწერლის თქმით, "აქტივისტებმა" გაასაჯაროვეს მისი სახლის მისამართიც. ამ ყველაფრის მიზეზი, როგორც ცნობილია, მწერლის განცხადებებია.

ბრიტანელი ავტორი კრიტიკის ქარცეცხლში ჯერ კიდევ 2019 წელს გაეხვა, როცა სამსახურიდან ტრანსფობიური განცხადებების გამო დათხოვნილ ქალს გამოესარჩლა. მაშინ ტრანსფობიაში დაადანაშაულეს თავად როულინგიც. მოგვიანებით, ამგვარი ბრალდება მისი მისამართით კიდევ ერთხელ გაისმა, როცა ავტორმა ტვიტერზე დაწერა, რომ "ადამიანებისთვის, რომელთაც მენსტრუაცია აქვთ, შესაფერისი სიტყვა უკვე გვქონდა". მწერლის ერთ-ერთ დეტექტიურ რომანში ბოროტმოქმედად "ქალად გადაცმული კაცის" გამოყვანისთვის როულინგი შემდეგშიც გააკრიტიკეს.

კრიტიკამ კი სხვადასხვაგვარი ფორმა მიიღო — ტიკტოკის მომხმარებლები ჰარი პოტერის წიგნებსაც კი წვავდნენ.

მწერლისადმი "მიმართული სიძულვილის ტალღა" არაერთმა ცნობილმა ადამიანმა, მათ შორის, ჯადოსნური არსებების მსახიობმა ედი რედმეინმა დაგმო.

სხვათა შორის, როულინგი არ მიუწვევიათ ჰარი პოტერის 20 წლის საიუბილეო გადაცემაში. საათნახევრიან სპეცეპიზოდში პოტერიადის შემქმნელი ჯამში წუთზე ნაკლები დროის განმავლობაში, არქივიდან ამოღებული კადრებით აჩვენეს. მწერალთან გასამიჯნად ქვიდიჩის მსოფლიო ასოციაციებმაც გადაწყვიტეს სახელის შეცვლა. ავტორი რამდენიმე თვის წინ ანტისემიტიზმშიც დაადანაშაულეს.