თბილისში, იუსტიციის სახლის სახურავის რეაბილიტაციისთვის ორი მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება. ამ თანხით მომსახურების შეძენა პირდაპირი წესითაა გადაწყვეტილი. ნებართვის მისაღებად უწყებამ უკვე მიმართა სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს და მისგან თანხმობა 19 მაისს მიიღო.

"იუსტიციის სახლის შენობის სახურავს გააჩნია მთელი რიგი ხარვეზები, რაც გამოწვეულია მშენებლობის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში დაშვებული მნიშვნელოვანი ნაკლოვანებებით და საჭიროებს დაუყოვნებლივ გამოსწორებას," - ასე დაასაბუთა უწყებამ შესყიდვის საჭიროება.

შესყიდვების სააგენტომ კი, გაითვალისწინა იუსტიციის სახლის დასაბუთება და თანხმობის შესახებ გამოცემულ განკარგულებაში აღნიშნა: "სააგენტო მიიჩნევს, რომ სახეზეა სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარებით შესყიდვის განხორციელების საჭიროება."

სსიპ იუსტიციის სახლში აღნიშნავენ, რომ საჭიროა შენობის გადახურვის ლითონკონსტრუქციების, ქვედა და ზედა მოსახვის დეფექტების/ნაკლოვანებების კვლევის, დეფექტების/ნაკლოვანებების აღმოფხვრის პროექტირების, სარეაბილიტაციო სამუშაოებისა და აღნიშნული სამუშაოების ზედამხედველობის მომსახურება. თუმცა, ამავდროულად, უწყებაში მიაჩნიათ, რომ შესყიდვა ვერ იქნება წინასწარ დაგეგმილი, რადგან სახურავი რთული კონსტრუქციისგანაა დამზადებული და შეუძლებელია წინასწარ განისაზღვროს სამუშაოები. სარემონტო სამუშაოები 2017-2018 წლებში ჩატარდება.

On.ge-ს იუსტიცის სახლში განუცხადეს, რომ 2013 წლის დეკემბერში სახურავის ერთ-ერთი ნაწილის ჩამოშლის შემდეგ, 2014 წლიდან გამოვლენილი ხარვეზებისა და სავარაუდო დეფექტების დადგენის სამუშაოები მიმდინარეობს.

"კომპანია სი ემ სი ჯგუფი, რომელიც [იუსტიციის სახლის აშენების დროს] მშენებლობის ზედამხედველად იყო დაქირავებული, აცხადებდა, რომ მათგან სამუშაოების დასრულებას არა ადეკვატურად მოკლე ვადებში მოითხოვდნენ და შეცდომების დაშვების მიზეზიც სწორედ ეს გახდა," - განმარტავენ იუსტიციის სახლში.

მათივე ინფორმაციით, ექსპერტულმა კვლევებმა სამშენებლო პროცესში დაშვებული დარღვევები გამოავლინა და მიზეზად კი, თავდაპირველი პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილის უგულვებელყოფა დასახელდა. უწყებაში განმარტავენ, რომ იუსტიციის სახლის თბილისის შენობა საწყის ეტაპზე განსაზღვრული სტანდარტების იგნორირებით აშენდა.

"დღემდე გაუგებარია, უშუალოდ რა საკონტროლო სამუშაო დოკუმენტებით ხორციელდებოდა მშენებლობა, ან პროექტიდან გადახვევები როგორ ფორმდებოდა. ეს ბუნებრივია, მნიშვნელოვნად ართულებს იმ პროცესს რაც დაკავშირებულია რეაბილიტაციასთან და გამოკვლევასთან," - დასძენენ უწყებაში.

მათივე ინფორმაციით, შენობის მონიტორინგი და რეკონსტრუქცია ბოლო სამი წლის განმავლობაში ინტენსიურად მიმდინარეობს. 2014, 2015 და 2016 წელს თბილისის იუსტიციის სახლის სახურავის კვლევისა და შეკეთებისთვის 832 416 ლარი დაიხარჯა.

ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარებას ინსტიტუტის კვლევის მიხედვით, თბილისის იუსტიციის სახლის მშენებლობა 135 834 918 ლარი დაჯდა.