სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა, ვაჰან ქერობიანმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღეში რუსეთ-საქართველოს შორის შავი ზღვით ტვირთების საბორნე გადაზიდვა დაიწყება, რითი სარგებლობაც სომხეთში ტვირთების გადამზიდავებს შეეძლებათ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რადიო თავისუფლების სომხური ბიურო წერს, რომ ქერობიანმა ბოლო თვეების განმავლობაში რამდენჯერმე ისაუბრა მომსახურების ხელმისაწვდომობის თარიღის შესახებ, თუმცა საბორნე გადაზიდვა ჯერჯერობით არ დაწყებულა.

  • საუბარია ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ კავკაზამდე საბორნე მარშრუტზე, რომლითაც სომხეთმა უნდა ისარგებლოს.
  • ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე გამავალი გზა სომხეთ-რუსეთის დამაკავშირებელი ერთადერთი სახმელეთო მარშრუტია, საბორნე მიმოსვლა კი ქვეყნებს შორის კავშირის ალტერნატივაა.

დეტალები: სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის გამო სირთულეები წარმოიქმნა.

  • "ეს არ არის მარტივი საკითხი, მით უმეტეს, რომ შეიცავს ასეთ მძიმე გეოპოლიტიკურ ცვლილებებს და წნეხს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი მუშაობა ძალიან მალე გამოიღებს შედეგს", — თქვა ვაჰან ქერობიანმა.

მოგვიანებით, განცხადება გაავრცელა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ. მათი თქმით, გადატვირთულობის გამო ზემო ლარსის გამშვებ პუნქტზე ტრანზიტული ტვირთების დამუშავება ხშირად რამდენიმე კვირით გვიანდება.

  • წერენ, რომ ეს მალფუჭებადი პროდუქტებისა და საკვების შემთხვევაში სომხეთს დიდ გამოწვევას უქმნის.
  • როგორც განმარტავენ, ამ პრობლემის გამო, სომხეთმა საქართელოს მთავრობას თხოვნით მიმართა, რომ ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტის ალტერნატივად საზღვაო ტრანსპორტიც განხილულიყო.

გარდა ამისა, აღნიშნავენ, რომ სომხეთს ზღვაზე გასასვლელი არ აქვს, ამიტომ, ტრადიციულად, საქართველოს ნავსადგურებით სარგებლობს და ასე აწარმოებს საერთაშორისო ვაჭრობას.

  • "ნიშანდობლივია, რომ საქართველო საერთაშორისო კონვენციის, იმ სახელმწიფოთა სატრანზიტო ვაჭრობის შესახებ, რომელთაც არა აქვთ გასასვლელი ზღვაზე, წევრია".
  • "ამ კონვენციის შესაბამისად, ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ ზღვასთან თავისუფალი დაშვება და იყვნენ ზღვისპირა სახელმწიფოებთან თანაბარ პირობებში ზღვაზე თავისუფალი გასასვლელის გამოყენების მიზნით".