უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, დენის მონასტირსკი აცხადებს, რომ ელექტროსადგური ახლა არა მხოლოდ ოკუპანტების, არამედ უცოდინარი სპეციალისტების ხელშია, როლებსაც შეუძლიათ ტრაგედია დაუშვან.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ატომური ელექტროსადგური რუსებმა გუშინ დაბომბეს.

  • მანამდე ელექტროსადგური 8 აგვისტოს დაიბომბა.
  • მაშინ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა, რომ თავდასხმა ბირთვული კატასტროფის რეალურ რისკზე მიანიშნებს.

დეტალები: მინისტრი ამბობს, რომ უკრინულ სპეციალისტებს, რომლებიც ელექტროსადგურის ტერიტორიაზე იმყოფებიან, საჭირო ადგილას არ უშვებენ.

  • "მოგეხსენებათ, დღეს სადგურის ტერიტორიაზე იმყოფება რუსეთის ფედერაციის სამხედრო ტექნიკა და ეს ყველაფერი საფრთხის უმაღლეს დონეზეა შეფასებული".
  • მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის მთავრობამ უკვე მიმართა IAEA-ს, რათა ორგანიზაციამ უზრუნველყოს სათანადო კონტროლი ატომურ ელექტროსადგურზე.
  • "შეგახსენებთ, რომ ეს არის ევროპაში უდიდესი ატომური ელექტროსადგური, რომელიც მოიცავს ექვს ელექტროსადგურს. ძნელი წარმოსადგენია რა მასშტაბის ტრაგედია შეიძლება მოხდეს თუ რუსები იქ დარჩენას განაგრძობენ".
  • მინისტრის თქმით, შსს საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურთან და რეგიონის ადმინისტრაციასთან ერთად განიხილავს სხვადასხვა სცენარს, მათ შორის მიმდებარე დასახლებების მოსახლეობის ევაკუაციას.

ანტონიო გუტიერეში აცხადებს, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) ესაჭიროება სადგურზე წვდომა.

  • "ნებისმიერი თავდასხმა ატომურ სადგურზე არის თვითმკვლელობა", — თქვა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
  • "ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს IAEA-ის ყველა ძალისხმევას ქარხნის სტაბილიზაციის პირობების შექმნასთან დაკავშირებით."

არქივიდან: რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ბირთვული რეაქტორის კომპლექსი მარტის დასაწყისში აიღეს, თუმცა მას კვლავ უკრაინელი ტექნიკოსები მართავენ.