სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ადვოკატების განცხადებების დროული და ეფექტიანი გადამოწმების მიზნით, კანონმდებლობის შესაბამისად, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაიწყოს გამოძიება.

რატომ არის მნიშვნელოვანი: გუშინ ადვოკატმა განაცხადა, რომ გოგაშვილს შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა დაურეკა და დაემუქრა.

  • მანამდე გოგაშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც წერდა, რომ ივანიშვილისგან მუქარა მიიღო, თუ არ გაჩუმდება, მას და მის ოჯახს გაანადგურებენ.

დეტალები: საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, რომ ინფორმაცია გომელაურისგან მუქარის შესახებ გადაამოწმეს #12 დაწესებულებაში მყოფ სოსო გოგაშვილთან.

  • ომბუდსმენის თქმით, მან დაადასტურა და დეტალურად აღწერა განხორციელებული ზარების დრო, გარემოებები და საუბრის შინაარსი.
  • სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ გამოძიების ფარგლებში უნდა მოხდეს როგორც ხსენებული პირებისა და დაწესებულების პერსონალის გამოკითხვა, ისე #12 დაწესებულების შესაბამის პერიმეტრზე არსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების დაარქივება.
  • აპარატმა ჩანაწერების დაარქივების მოთხოვნით სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს უკვე მიმართა.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სამართალდამცავ უწყებას, გამოძიების მიმდინარეობისას, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოს სოსო გოგაშვილის ოჯახის ფიზიკური ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების დაცვა.

არქივიდან: 21 ივლისს არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჯაროეს 53-გვერდიანი ანგარიში, რომელიც გოგაშვილის მიწოდებულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მოამზადეს. ფაილების ავთენტურობა ჯერ არ დადასტურებულა.

  • 26 ივლისს გოგაშვილიმა ვრცელ წერილს გაავრცელა და შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ გომელაურს მიმართა. წერდა, რომ გომელაურმა შვილის საქმრო ეთნიკურობის გამო გაატაცებინა და აწამებინა.
  • ისაუბრა იმაზეც, რომ მუხთარლი ივანიშვილის დავალებით გაიტაცეს, ხოლო ხვედელიძე ივანიშვილის დავალებით, ტელეფონზე გინების გამო სცემეს.
  • ასევე, გოგაშვილის თქმით, ხელისუფლებას მისი ლიკვიდაცია ქისტი "ქილერისთვის" ჰქონდა დავალებული, რათა მაჩალიკაშვილისთვის დაებრალებინათ.