17 მაისს კანში იმაზე გაცილებით მზიანი დღე გათენდა, ვიდრე წელიწადის სხვა დროს სჩვევია. კრუაზეტის სანაპიროზე მოწყობილ კინოთეატრებთან, გრძელ და დამქანცველ რიგში სამოცზე მეტი ქვეყნის ჟურნალისტი საკუთარი აკრედიტაციის მიღებას ელოდა.

კანის ფესტივალი, რომელსაც ხშირად ელიტურ კინოწვეულებასაც უწოდებენ, საკუთარ თავს არც ჟურნალისტებთან და კინომცოდნეებთან ურთიერთობაში ღალატობს და გარკვეული პრინციპით თითოეულ მათგანს ფერს ანიჭებს. მაგალითად, თუ თეთრი ან ვარდისფერი აკრედიტაცია მოგცეს, სიაში პირველი ხარ, რიგის გარეშე შეგიძლია ლუმიერებისა და დებიუსის დარბაზში სასურველ ფილმზე მოხვედრა. იმ შემთხვევაში, თუ ლურჯი შეგხვდა, მაშინ ოდნავ დიდხანს მოგიწევს მცხუნვარე მზის ქვეშ გაჩერება, მაგრამ, აი, თუ არ გაგიმართლა და ფესტივალის პრესცენტრმა ყვითელი ფერი მოგანიჭა, საერთოდ საკითხავია, მოახერხებ თუ არა ფილმზე შესვლას. მე ლურჯი ფერის აკრედიტაცია მაქვს.

ფესტივალი საღამოს შვიდ საათზე გაიხსნა. როგორც წესი, ამ დროს მთელ ქუჩას კეტავენ და ერთი ადგილიდან მეორეზე ისე ვერ გადახვალ, თუ პოლიციამ ფრანგულად არ გთხოვა ჩანთის გახსნა, ხო, აქ ინგლისურად თითქმის არავინ გელაპარაკება.

კინოვარსკვლავების მოსვლამდე კრუაზეტის სანაპიროზე ასობით გამოპრანჭული ადამიანი მოძრაობს იმის იმედად, რომ წითელ ხალიჩაზე შესვლას მოახერხებს, თუმცა ეს დაახლოებით ისეთივე სირთულის ამოცანაა, როგორც მზეზე დაჯდომა.

ქუჩაში გამოსულ სადღესასწაულო ტანისამოსში გამოწყობილებს არ გაუმართლათ, თუმცა ვიღაც მათზე იღბლიანი აღმოჩნდა და შეპარვის გარეშე, საპატიო სტუმრის რანგში მოხვდა წითელ ხალიჩაზე. ერთმანეთის მონაცვლეობით ევროპული, ამერიკული და აზიური კინოს ვარსკვლავები ასზე მეტი ფოტოგრაფის წინ პოზირებდნენ.

წელს კანში მთავარი ფიგურა ესპანელი რეჟისორი, პედრო ალმოდოვარია, ის ფესტივალის ჟიურის პრეზიდენტია, თუმცა მედიაში არანაკლებ ყურადღებას იქცევენ ჟიურის სხვა წევრები, მაგალითად, ჯესიკა ჩესტეინი, უილ სმიტი და პაოლო სორენტინო.

"ახლა თავს სამოთხეში ვგრძნობ. წარმოიდგინეთ, ისედაც ყოველთვის ვუყურებ კვირაში ორ ან სამ ფილმს და ახლა მხოლოდ ამისთვის ვარ აქ ჩამოსული. ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს?", - უთხრა ჟურნალისტებს პედრო ალმოდოვარმა.

ფესტივალის პირველი დღე არასაკონკურსო ფილმით გაიხსნა, დებიუსის კინოდარბაზში მაყურებელმა არნო დეპლეშენი ფილმი ნახა, მეორე ნაწილმა კი ისევ გრძელ და დამქანცველ რიგში ჩადგომა და ანდრეი ზვიაგინცევის "უსიყვარულოს" ნახვა გადაწყვიტა, მათ შორის ვიყავი მეც.

რიგი ზვიაგენცევის ფილმზე

რიგი ზვიაგენცევის ფილმზე

მცხუნვარე მზის მიუხედავად, სიმართლე გითხრათ, ბედნიერი ვარ ამ გადაწყვეტილებით. წინასწარ რთულია თქმა, მაგრამ ამ ფილმმა სხვა საკონკურსო ფილმებს დიდი ფსონი დაუწესა. არაჩვეულებრივი სამსახიობო ანსამბლით, სცენარითა და ზვიაგინცევისთვის დამახასიათებელი ხელწერით შექმნილი ორსაათიანი ფილმი, მაყურებელს ეკრანზე აჯაჭვებს.

საინტერესო დამთხვევა იყო ისიც, რომ ფილმის ჩვენება ჩვიდმეტი მაისს დაემთხვა, როდესაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო და მრევლი ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავს. რუსმა რეჟისორმა თავის ახალ ფილმში ბევრ საინტერესო თემასთან ერთად "ოჯახური სიწმინდის" რეალური სახეც გვიჩვენა.

კანში მსოფლიო კინოს ყველაზე პრესტიჟულმა მარათონმა აიღო სტარტი, დამწყები და უკვე შემდგარი რეჟისორები, ასევე, მსახიობები ერთმანეთს ოქროს პალმის რტოს მოსაპოვებლად ეჯიბრებიან, ამ ყველაფრით კი ჟურნალისტები, კინოკრიტიკოსები და მაყურებლები ხეირობენ, რომლებსაც პედრო ალმოდოვარისა და ჟიურის სხვა წევრებისგან განსხვავებით, არ მოუწევთ იმაზე ფიქრი, საუკეთესოთა შორის რომელს მისცენ საუკეთესოს სტატუსი.

კანში ყველაფერს ეტყობა, რომ კინო უყვართ. ვიტრინებში, ბილბორდებზე, სახლის ეზოებში, მაღაზიებში - აქ ყველგან შეხვდებით კინემატოგრაფის უკვდავ სახეებს. ქუჩის ერთ კუთხეში კატრინ დენევის უზარმაზარი პოსტერია გამოკრული, მეორე მხარეს ბრიჯიტ ბარდოს წარსული დიდება გახსენდება, კრუიზეტის სანაპიროზე კი რამდენიმე ათეულ მეტრზე გადაჭიმული მოცეკვავე კლაუდია კარდინალეს პოსტერი გახსენებს, რომ ახლა, ამ წუთას, არაფერია იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე კინო.