29 თებერვალს სოფელ ადიგენში ქრისტიანი და მუსლიმი თემის დაპირისპირების ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფასთან დაკავშირებულმა დისკუსიამ გამოიწვია. დაზარალებულია 3 ადამიანი, რომელთაგან ერთ-ერთი საავადმყოფოში გადაიყვანეს.

როგორც ჭელის მინარეთის წინამძღვარმა ჯამბულ აბულაძემ On.ge-სთან საუბარში განაცხადა, მას შემდეგ, რაც რელიგიის სააგენტომ ადგილობრივ გამგეობას მუსლიმი თემისთვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფის რეკომენდაცია მისცა, ადიგენის გამგებელის ზაქარია ენძელაძის ინიციატივით მუსლიმი და ქრისტიანი თემი აღნიშნულ საკითხზე სალაპარაკოდ სოფლის ცენტრში შეიკრიბა. აბულაძის თქმით, მუსლიმები ქრისტიანებმა გამგებლის თანდასწრებით სცემეს, ენძელაძემ კი არაფერი მოიმოქმედა, მოგვიანებით ბოდიში მოიხადა და ტერიტორია დატოვა.

სამხრეთის კარიბჭის მიერ გავრცელებული ვიდეო მასალიდან ჩანს, რომ მოსახლეობის ნაწილი ადიგენში მუსლიმი მოსახლეობისათვის სასაფლაოს ტერიტორიის გამოყოფას ეწინააღმდეგება. ამის მთავარ მიზეზად ისინი იმას ასახელებენ, რომ თუკი გამგეობა მუსლიმებს აღნიშნულ ტერიტორიას გამოუყოფს, მოგვიანებით ისინი იქ მეჩეთის აშენებასაც მოითხოვენ.

“ცალკე გინდა სალოცავიც, ცალკე გინდა სასაფლაოც, მაგი არ გამოვა ამ სოფელში სანამ ჩვენ ვიქნებით. თქვენ ჩუმად რომ დადიხართ და ხელს აწერთ, ვინც გამოგიყოფს[ტერიტორიას], გამოგიყოს თავის სახლში და თავის კაბინეტში. ამ სოფელში ვერ გამოგიყოფენ”, - ასე მიმართავს ერთ-ერთი ადგილობრივი თავის თანასოფლელს.

მუსლიმების თქმით, ქრისტიანებისა და მუსლიმების ერთად დასაფლავება რელიგიურად დაუშვებელია. ამას გარდა, ისინი განმარტავენ, რომ არსებულ სასაფლაოზე ქრისტიანების დასაკრძალადაც კი აღარ არის ადგილი დარჩენილი.

“ორი მეტრი მიწა მკვდარს ეკუთვნის, ეს არის სამარცხვინო”, - ამბობს მუსლიმი მოქალაქე ლია იაკობიძე ვიდეოში.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, დაპირისპირების დროს სასაფლაოს მოწყობის მოწინააღმდეგეები იყენებდნენ სიძულვილის ენას და იმუქრებოდნენ. EMC-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ადგილობრივების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერია, რომ პოლიცია ადგილზე მოგვიანებით გამოცხადდა, თუმცა სიტუაციაში ჩარევა, თავდამსხმელების იდენტიფიცირება და ნაცემი პირების გამოკითხვა არ უცდია.

ადიგენის რაიონის გამგებელმა ზაქარია ენძელაძემ ჩვენთან საუბარში განმარტა, რომ ამ ეტაპზე სიტუაცია სტაბილურია, დაძაბულობა არ იგრძნობა, შეთანხმება ფაქტობრივად მიღწეულია და საბოლოოდ ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება. On.ge-ს შეკითხვას, მისი ინიციატივით შეიკრიბნენ თუ არა დაპირისპირებული მოქალაქეები გუშინ, მან ასე უპასუხა:

“მე რაიონის გამგებელი ვარ და სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით ვხვდები მოსახლეობას, ასე რომ ინიციატივა რას ნიშნავს, არ ვიცი”.

ჩვენ ვთხოვეთ გამგებელს, პასუხი უფრო დაეკონკრეტებინა და აეხსნა, სოფლის ცენტრში მოსახლეობა მისი ინიციატივით შეიკრიბა თუ არა, რაზეც მან არ გვიპასუხა და საუბრის გაგრძელება არ ისურვა.

მომხდარს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში იან კელიც გამოეხმაურა. მან განაცხადა, რომ დემოკრატიულ სახელმწიფოში რელიგიურ ნიადაგზე თავდასხმები და რელიგიური უმცირესობების ჩაგვრა დაუშვებელია. მისი განმარტებით, მსგავსი ფაქტები ხელს უშლის ტოლერანტობის დამკვიდრებას.

მომხდართან დაკავშირებით ჯერ არ აკეთებს კომენტარს სახალხო დამცველი, თუმცა აპარატის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ომბუდსმენი მომხდარის დეტალებს უკვე სწავლობს და სულ მალე გამოეხმაურება ადიგენში მომხდარ ფაქტს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ადამიანის სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის ამ მრწამსის გამო დევნას ანდა პოლიტიკურ, საზოგადოებრივ, პროფესიულ, რელიგიურ ან მეცნიერულ მოღვაწეობასთან დაკავშირებულ დევნას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების შეზღუდვით/თავისუფლების აღკვეთით ორ წლამდე.