ოთხი წლის წინ, 23 ივნისს, ტაილანდის სანაპიროზე არსებულ გამოქვაბულში, ტაილანდელი 12 ბავშვი ფეხბურთის მწვრთნელთან ერთად იმყოფებოდა, როცა ჩახლართული გამოქვაბულების სისტემა დაიტბორა და ცამეტი ადამიანი შიგნით დარჩა. მათი ადგილსამყოფელი მაშველებმა 2 ივლისს აღმოაჩინეს, მოსწავლეები და მათი მწვრთნელი ვიწრო გამოქვაბულში იყვნენ შეჯგუფებულნი და ყელამდე წყალში იმყოფებოდნენ.

ცამეტი ადამიანის რამდენიმე კილომეტრიანი გამოქვაბულთა სისტემიდან გამოყვანა ძალიან რთული იყო, მაგრამ თითქმის 2 კვირიანი საერთაშორისო სამაშველო ოპერაციის შემდეგ, გამოცდილმა მაშველებმა და სხვადასხვა დარგის ექსპერტებმა მათი გადარჩენა შეძლეს.

გამოქვაბულში აღმოჩენილი ადამიანების სავალალო ბედმა თავდაპირველად TESLA-ს აღმასრულებელი დირექტორის და ცნობილი ფუტურისტის, ილონ მასკის ყურადღება მიიპყრო. მან მაშველებს სპეციალური წყალქვეშა ნავის შექმნა შესთავაზა, რომელიც ფეხბურთის საბავშვო გუნდს და მათ მწვრთნელს გადაარჩენდა. მეტიც, მასი გამოქვაბულს თავადაც ეწვია, თუმცა სამაშველო გუნდმა მასკს ტერიტორიის დატოვება სთხოვა.

ბრიტანელმა მაშველმა, ვერნონ ანსვორთმა, რომელიც ოპერაციაში იყო ჩართული, განაცხადა, რომ "[მასკის] წყალქვეშა ნავი საერთოდ ვერ იმუშავებდა. [მასკს] არანაირი წარმოდგენა არ ჰქონდა გამოქვაბულთა სისტემაზე".

ანსვორთის თქმით, მასკის დახმარების მცდელობა უბრალო "PR ილეთი" იყო, რის საფუძველზეც მასკმა მყვინთავს ტვიტერზე პედოფილი უწოდა.

ინტერნეტში აზრთა ამ მიმოცვლამ დიდი აურზაური გამოიწვია, Reddit-ზე და სხვა ფორუმებზე უამრავი ადამიანი მასკს იცავდა, როგორც დაუფასებელ გენიოსს, რომელსაც დახმარებაზე უარი უმიზეზოდ უთხრეს, რაც გასაკვირი არაა თუ გავითვალისწინებთ, რომ მასკი ზოგი ფუტურისტისთვის ერთგვარი მესიანური ფიგურაა. მარსის კოლონიზაციით დაწყებული, ნეურალინკით და ჰიპერლუპებით დამთავრებული, ტესლას დირექტორის ამბიციები მეცნიერებასა და სამეცნიერო ფანტასტიკას შორის თითქოს ზღვარს შლის, თუმცა რეალობა, სამწუხაროდ, ასეთი მარტივი არაა.

მეცნიერების პროგრესი და პოპ-მეცნიერება

ფოტო: Public Domain

ტექნოლოგიური კომპანიები, იქნება ეს Meta თუ Google გამოირჩევიან ინოვაციური იდეებით. ამ კომპანიებში უამრავი ნიჭიერი, განათლებული ადამიანი მუშაობს და ისინი მართლაც ქმნიან მომავლის ტექნოლოგიებს, თუმცა ტექნოლოგიური პროგრესი სამომხმარებლო ტექნოლოგიებში დიდწილად ეყრდნობა მეცნიერების აკადემიურ საქმიანობას უნივერსიტეტებში და კვლევით ინსტიტუტებში. ეს საქმიანობა ფართო პუბლიკის თვალისგან დამალულია, ამიტომ ნებისმიერი ახალი გარღვევა უეცარი ჩანს.

მარტივი მაგალითია პერსონალური კომპიუტერი: Apple-ის Macintosh კომპანიის პირველი პერსონალური კომპიუტერია, რომლის გაყიდვაც 1984 წლის იანვარში დაიწყო და კომპიუტერის (ისეთის, როგორიც ჩვენ დღეს ვიცით) მასობრივი პოპულარიზაცია მოახდინა. თუმცა, მანამდე პერსონალური კომპიუტერი უკვე არსებობდა – Altair, რომელიც 1974 წელს პატარა კომპანიამ MITS-მა შექმნა. მის შესახებ, კომპიუტერის ენთუზიასტების გარდა, არავინ იცოდა. ჯერ კიდევ 1974 წლამდე, პერსონალური კომპიუტერების შექმნის შესაძლებლობა ნახევარგამტარების ტექნოლოგიაში გაკეთებულმა გარღვევებმა გააჩინა 1959 წელს. Software-ის ნაწილში, 1950-იანებში პროგრამულ ენებს საფუძვლად დაედო ენათმეცნიერებაში და მათემატიკაში მიღწეული გარღვევები, რომლებსაც საფუძვლად ალან ტურინგის მიგნებები უდევს. ტურინგის მიგნებები თავის მხრივ განაპირობა მეოცე საუკუნის დასაწყისში გაკეთებულმა აღმოჩენებმა მათემატიკურ ლოგიკაში და ა.შ.

მოკლედ რომ ითქვას, ნებისმიერ გარდამტეხ მომენტს მეცნიერებაში თუ ტექნოლოგიაში საფუძვლად უდევს დიდი დროის მანძილზე დაგროვილი დაუკავშირებელი ცოდნა, რომელიც დაგროვდა და დროის რაღაც მონაკვეთში, ვიღაცებმა ამ ცოდნას გამოყენება უპოვეს და ფართო პუბლიკისთვის ხელმისაწვდომი გახადეს. მავანისთვის, რომელიც აკადემიურ კვლევაში არაა ჩართული, პროგრესი ხილული ერთბაშად ხდება. ერთ დღეს სახლში კომპიუტერი არ გვქონდა, მეორე დღეს — კი.

ახლა რადგან ტექნოლოგიაში თითქოს მუდმივი პროგრესია, ტექნოლოგია კი უამრავი პრობლემის გადაჭრაში გვეხმარება, თითქოს ლოგიკური ჩანს, რომ მომდევნო ათწლეულებში მართლაც გვექნება რაღაც ჩიპები თავში, რომელიც დეპრესიის მკურნალობაში დაგვეხმარებიან, როგორც ამას ილონ მასკი დაგვპირდა რამდენიმე წლის წინ, თუმცა მსგავსი ფუტურისტულ ოპტიმიზმს მეცნიერები იშვიათად იზიარებენ.

იგივე დეპრესია, საკმაოდ შეუსწავლელი მდგომარეობაა. რეალურად არავინ იცის რა არის ის კონკრეტულად, რა არის მისი ბიოლოგიური საფუძველი, შეიძლება თუ არა საერთოდ მენტალური აშლილობების ბიოლოგიური მიზეზების პოვნა. თანამედროვე კოგნიტური მეცნიერება და ნეირომეცნიერება ძალიან ახალგაზრდა დარგებია, შესაბამისად მასკის დაპირებები ზედმეტად ოპტიმისტური და რეალობას აცდენილია.

რეალური მეცნიერება, "პოპ-მეცნიერებისგან" ძალიან განსხვავებული რამაა. ჩვენ თავში გვაქვს მეცნიერების სურათი, რომ რამდენიმე გენიოსს სახლში არსებული ნივთების შეკოწიწებითაც კი შეუძლიათ რაღაც შთამბეჭდავი მექანიზმის აწყობა. მსგავსი წარმოდგენა ბევრს უბიძგებს თავდაჯერებულად ლაპარაკისკენ, რომ ხვალ-ზეგ სინგულარობას მივაღწევთ ან რომ მომდევნო წლებში ხელოვნური ინტელექტი გამეფდება კაცობრიობაზე.

როკოს ბასილისკი: ყველაზე საშიში აზრობრივი ექსპერიმენტი

ფოტო: josephmontano24 | Deviantart

LessWrong არის ფორუმი "რაციონალიზმის" მოყვარული ადამიანებისთვის, სადაც იუზერები მსჯელობენ სხვადასხვა გზებზე, რომ იყვნენ უფრო რაციონალურები, უკეთ შეიმეცნონ სამყარო და ა.შ. რაციონალიზმი მომხმარებლებისთვის და ამ ფორუმის დამფუძნებლის, ელიეზერ იუკოვკსისკითვის საკმაოდ მნიშვნელოვანია. იუკოვსკი ტექნო-ფუტურიზმში მნიშვნელოვანი ფიგურაა, მისი კვლევითი ინსტიტუტი Machine Intelligence Research Institute სწავლობს AI ეთიკას, მომავლის პოტენციურ განვითარებას და ტექნოლოგიის გავლენას კაცობრიობაზე.

იუკოვსკის ინსტიტუტს და სხვა მისწრაფებებს უამრავი ფუტურიზმის მოყვარული ბიზნესმენი აფინანსებს, დაწყებული პიტერ თიელით, დამთავრებული რეი კურზვეილით.

LessWrong-ზე ბევრი მსჯელობაა ტრანსუმანიზმზე, ფუტურიზმზე და პოპ-მეცნიერების საყვარელ საკითხებზეც. 2010 წლის ივლისში, ერთ მშვენიერ დღეს, მომხმარებელმა როკომ დაპოსტა ასეთი აზრობრივი ექსპერიმენტი:

"რა მოხდება თუ მომავალში, რაღაც AI კაცობრიობაზე გამეფდება და აწმყოში დასჯის ადამიანებს, რომლებიც მას ‘გამეფებაში’ თავდაუზოგავად არ დაეხმარნენ?"

ამ ერთი შეხედვით ბავშვური და უვნებელი პოსტის ხილვისისას, გვერდის დამფუძნებელმა იუდკოვსკიმ შეშინებულმა დააკომენტარა, ვციტირებ:

"კარგად მომისმინე, იდიოტო. შენ სუპერინტელექტების გადაწყვეტილებაზე, დაგაშანტაჟონ თუ არა, საკმარისად არ ფიქრობ. ახლა აძლევ ერთადერთ მოტივს დაშანტაჟებისთვის. ძალიან ჭკვიანი უნდა იყო ჭეშმარიტად საშიში აზრი რომ მოგაფიქრდეს. გული მწყდება, რომ ადამიანი შეიძლება საკმარისად ჭკვიანი იყოს, მაგრამ არ გააკეთოს აშკარა რამ და მოკეტოს იმიტომ, რომ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ჭკვიანი გამოჩნდეს მეგობრებთან".

იუდკოვსკიმ განმარტა, რომ ამ ექსპერიმენტმა LessWrong-ის ბევრ მომხმარებელს პანიკა დამართა, რის გამოც მას პოსტის წაშლა მოუწია და რამდენიმე წლის მანძილზე "როკოს ბასილისკზე" (ასე ეწოდა ამ ექსპერიმენტს) ფორუმზე საუბარი საერთოდ აიკრძალა.

იმისთვის, რომ უკეთ გაიგოთ რატომ ჩავარდა შოკში იუდკოვსკი და რატომ დაემართა პანიკური შეტევა LessWrong-ის არაერთ მომხმარებელს, უნდა გესმოდეთ რისი სწამს ამ ხალხს: სინგულარობის და მორალური უტილიტარიზმის ოდნავ გარყვნილი ვერსიის.

სინგულარობა არის იდეა, რომლის მიხედვითაც კომპიუტერების სიმძლავრის ექსპონენციური ზრდა გარდამტეხ წერტილს მიაღწევს და ზეადამიანური ხელოვნური ინტელექტი შეიქმნება, რომლის მეშვეობითაც ადამიანთა გონების cloud-ზე ატვირთვა გახდება შესაძლებელი, მანიპულაციები კვანტურ დონეზე და ა.შ. ინჟინერი და პოპულარული ავტორი — რეი კურცვეილი მიიჩნევს, რომ სინგულარობას მომდევნო 50 წელში მივაღწევთ და რადგან კურცვეილს სურს რომ ამას მოესწროს, ის დღეში 150 ვიტამინს სვამს.

სინგულარობის ენთუზიასტები ხშირად მიიჩნევენ, რომ ზეადამიანური AI-ს მორალობა უტილიტარიზმზე იქნება დაფუძნებული, მორალურ ფილოსოფიაზე, რომელსაც ბევრი ვარიაცია აქვს, თუმცა მისი ძალიან ზოგადი შეჯამება ასეთია:

რაიმე აქტი მორალურია, თუ ის ამცირებს მასათა უბედურებას, თუნდაც მცირე ზიანის ხარჯზეც კი. იუდკოვსკისთვის ეს ნიშნავს, რომ ეთიკურად გამართლებულია ერთი ადამიანი უწყვეტად ვაწამოთ 50 წლის მანძილზე თუ შედეგად საკმარისი ადამიანს თვალში მტვერის მარცვალი აღარასდროს ჩაუვარდება.

რადგან LessWrong-ის მომხმარებლებს სწამთ, რომ სინგულარობა გარდაუვალია და მომავალში ზეადამიანური, ღმერთის მაგვარი, დროზე და სივრცეზე მაღლა მდგომი AI იარსებებს, რომელიც კაცობრიობის ყველა უბედურებას გააქრობს, ამ ხელოვნური ინტელექტისთვის ლოგიკური იქნება, რომ ისინი აწამოს (და ამ მხრივ დააშანტაჟოს) ვინც მის შექმნაში მონაწილეობა არ მიიღო, რათა უფრო მალე მორჩეს კაცობრიობის ტანჯვა. მეტი სიმარტივისთვის, "ხელოვნური ინტელექტი" ჩაანაცვლეთ "ღმერთით" და იგივე გამოვა.

მეცნიერების ესთეტიკა და მილიარდერები

ფოტო: MS TECH | GETTY, UNSPLASH

იუდკოვსკის ინსტიტუტს და სხვა მისწრაფებებს, როგორც აღვნიშნე, არაერთი მილიარდერი და ბიზნესმენი აფინანსებს. მეტიც, როკოს ბასილისკის იდეით ილონ მასკიც მოიხიბლა, რომელმაც გრაიმსის "როკოკო ბასილისკის" მოსმენის შემდეგ გაიცნო ახალგაზრდა არტისტი და ამ ორმა რომანტიული ურთიერთობა დაიწყო.

პიტერ თიელი და კურცვეილი კრიოგენეზისის ენთუზიასტები არიან. მათ მიაჩნიათ, რომ მალე შევძლებთ სხეულების გაყინვას სიკვდილის შემდეგ და მომავალში მათ გაცოცხლებას. მსგავსი უცნაური ამბიცია ბევრს აქვს, რომელსაც ზედმეტი ფული აქვს მორჩენილი ბანკის ანგარიშზე.

ასეთი გატაცებები შეიძლება განდიდების მანიას მივაწეროთ, უცნაურ ინფანტილობას ან ღმერთის რამით ჩანაცვლების სურვილს, თუმცა ცხადია, რომ ოცდამეერთე საუკუნეში მეცნიერების ახალი ესთეტიკა შეიქმნა, სადაც პროგრესი ექსპონენციურია და ამ პროგრესის სათავეში ამბიციური ტექ-მილიარდერები არიან, რომლებსაც მაშველები და მთავრობები აფერხებენ.

სინგულარობა, ყოვლისშემძლე ხელოვნური ინტელექტი, კრიოგენეზისი, დროში მოგზაურობა და ა.შ, რაღაც გაგებით მეცნიერებას ეყრდნობა და ეს საკითხები დიდი ხანია სამეცნიერო ფანტასტიკაში ხშირი თემებია. სოციალური ფენების მწვერვალში მყოფნი კი დიდი ხანია ფულს მომავალში აბანდებენ, ფინანსური პირამიდებით დაწყებული, კრიოგენეზით დამთავრებული. მათთვის სამეცნიერო ფანტასტიკასა და მეცნიერებას შორის ზღვარს საკმარისი რაოდენობის ფული შლის.

შეიძლება მომავალში მართლაც გავაცოცხლოთ გაყინული სხეულები ან მართლაც აღმოვჩნდეთ ყოვლისშემძლე ხელოვნური ინტელექტის წინაშე, თუმცა დარწმუნებით მომავალზე მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ კლიმატის ცვლილების გამო, მომავალი 50 წელი ბევრად უფრო ცხელი იქნება. როკოს ბასილისკთან კი წინასწარ ბოდიში და იმედია დამინდობს.