ბრიტანეთში ბოლო პერიოდში ცხოვრების ხარჯები განსაკუთრებული სისწრაფით იზრდება. ეს კომუნალურ გადასახადებსაც ეხება და ბევრ ადამიანს დამატებითი სამუშაოს მოძებნა უწევს, რათა საარსებო მინიმუმის გამომუშავება შეძლოს.

ასეთი სიტუაციის გამო OnlyFans-ს ბრიტანეთში ძალიან პოპულარული გახდა. ვებგვერდი, რომელზეც სექსუალური შინაარსის ფოტოების გამოქვეყნება და ამაში თანხის მიღებაა შესაძლებელი, ახალგაზრდებისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროდ იქცა.

ალექსია, რომელიც 20 წლისაა, ამბობს, რომ ახლახან რამდენიმე ვებგვერდზე დარეგისტრირდა, მათ შორის OnlyFans-ზეც. "თვეში დამატებითი თანხის შოვნა ამ ეტაპზე ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აუცილებელი გადასახადების გადახდაში მეხმარება და ამ ვებგვერდის გარეშე წინა თვეში, ალბათ, კომუნალურებს ვერ გადავიხდიდი", — ამბობს ალექსია.

ფოტო: BBC

ალექსიას თქმით, ვებგვერდზე საკუთარი ვიდეოებისა და ფოტოების განთავსება პანდემიის დროს დაიწყო, როცა სამსახური დაკარგა. ახლა ის კვირაში 5-6 დღეს მუშაობს და დამატებით OnlyFans-ზე პოსტებსაც აქვეყნებს. "სამუშაოს დატოვებას არ ვაპირებ, რადგან თუ OnlyFans-ზე რამე შეიცვალა, თავის რჩენა ისევ უნდა შევძლო", — ამბობს ის.

ალექსიას თქმით, OnlyFans-ზე მისი გამომწერების რაოდენობა საკმაოდ მოკლე დროში დაიზარდა და თვიურად დაახლოებით 3600 დოლარის გამომუშავება შეუძლია. ასევე, ალექსია ერთადერთი ადამიანი არ არის, რომელმაც OnlyFans-ის მეშვეობით დამატებითი შემოსავლის წყარო იპოვა. ქალები ერთმანეთს სხვადასხვა ჯგუფის მეშვეობით ეხმარებიან და OnlyFans-ის შესახებ გამოცდილებას უზიარებენ.