თბილისის მერიის კეთილმოწყობის სამსახური, 17 მაისს, ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს თბილისის ანძასა და მშვიდობის ხიდს ლგბტ დროშის ფერებში არ გაანათებს:

"ანძა და მშვიდობის ხიდი ნათდება მხოლოდ სახელმწიფოებრივი საჭიროების შემთხვევაში. აქედან გამომდინარე კერძო ან კონკრეტული პირების მიმართვის საფუძველზე არ განათდება სხვა ფერებში," - ამბობენ კეთილმოწყობის სამსახურში.

ცისარტყელის ფერებში ანძის განათებასთან დაკავშირებით თბილისის მერიას თანასწორობის მოძრაობამ მიმართა.

აღსანიშნავია, რომ 26 ნოემბერს, თბილისის ანძა ნარინჯისფრად განათდა ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით. ინიციატივის ავტორი კი გაეროს ქალთა ორგანიზაციის საქართველოს ოფისი იყო.

ჰომოფობიასთან, ბიფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს 2004 წლიდან, მსოფლიოს 120-მდე ქვეყანაში აღნიშნავენ.