მეცნიერებმა აჩვენეს, რომ კალიებს ადამიანის ჯანსაღი და სიმსივნური უჯრედების ერთმანეთისგან გარჩევა ყნოსვით შეუძლიათ. ამან შეიძლება გააჩინოს დაავადების ადრეული გამოვლენის შესაძლებლობა და გააუმჯობესოს მკურნალობის შანსები.

კიდევ უკეთესი, მწერებს შეუძლიათ რეალურად გაარჩიონ კიბოს უჯრედების ცალკეული ტიპები. ეს ნიშნავს, რომ ამ მეთოდით კიბოს არსებობასთან ერთად მისი ტიპიც გამოვლინდება.

თუ ჩვენ შევძლებთ გავარკვიოთ, როგორ გამოვიყენოთ ეს უნარი სამედიცინო მოწყობილობებში, დიდი პოტენციალი გვაქვს.

კალიების ეს უნარი მეცნიერებმა მათ ტვინზე დაკვირვებით გამოავლინეს. რაც საინტერესოა, ეს ხდება მხოლოდ რამდენიმე მილიწამში.

"კიბოს ადრეული გამოვლენა ძალზე მნიშვნელოვანია და ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველა შესაძლო ინსტრუმენტი ამის მისაღწევად. იქნება ეს ინჟინერული თუ ჩვენთვის მოწოდებული მილიონობით წლის ბუნებრივი გადარჩევის შედეგი", — ამბობს მიკრობიოლოგი კრისტოფერ კონტაგი მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან.

"თუ ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, კიბო განკურნებადი დაავადება გახდება", — ამბობენ მკვლევრები.

ეს ყველაფერი შესაძლებელი გახდა აქროლადი ორგანული ნაერთების (VOCs) გამო, რომლებსაც ჩვენ ამოვისუნთქავთ. ის კი როგორც მეცნიერებმა იციან, გარკვეულწილად იცვლება კიბოს დროს. მთელი იდეა ასე კიბოს ადრეული დაფიქსირებაა.

კალიების ტვინზე მიმაგრებული ელექტროდების გამოყენებით, ჯგუფმა შეძლო გაეზომა მწერების რეაქცია სხვადასხვა უჯრედებსა და ქიმიკატებზე. რა თქმა უნდა, ეგზემპლარები, რომლებიც ჯანსაღი უჯრედებისა და კიბოს უჯრედებისგან შედგებოდა განსხვავებული იყო.

პირის ღრუს კიბოს უჯრედები მიკროსკოპის ქვეშ ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებულად გამოიყურებოდა. მეცნიერებმა შეძლეს და დაადასტურეს, რომ უჯრედებს მართლაც განსხვავებული სუნი ჰქონდათ კალიებისთვის.

ეს კონკრეტული კვლევა შემოიფარგლა პირის ღრუს კიბოთი, მაგრამ მკვლევრები დარწმუნებულნი არიან, რომ კიბოს სხვა ტიპების გამოვლენაც იქნება შესაძლებელი იმავე გზით.

"ჩვენ ველოდით, რომ კიბოს უჯრედები ნორმალური უჯრედებისგან განსხვავებულად გამოიყურებოდა. თუმცა, როდესაც კალიებმა ერთმანეთისგან სამი განსხვავებული კიბოს გარჩევა მოახერხეს, ეს გასაოცარი იყო", — ამბობს კონტაგი.

კიბოს სხვადასხვა ტიპებში, როდესაც ის მე-4 სტადიაზე ვლინდება გადარჩენის მაჩვენებელი დაახლოებით 10-20 პროცენტია. მაშინ როცა პირველივე სტადიაზე დაფიქსირებულ კიბოს შემთხვევაში გადარჩენის შანსები 80-90 პროცენტია — განსხვავება დიდია.

ამის პარალელურად, უკვე მიმდინარეობს მუშაობა "ბიონური ცხვირის" მოწყობილობების შემუშავებაზე, რომლებსაც შეუძლიათ აღმოაჩინონ უჯრედული ცვლილებები. თუმცა, ასეთი სენსორები ჯერ კიდევ არ გვაქვს, შესაბამისად ბუნების მიერ ბოძებულ საშუალებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ეს აღმოჩენა სწორედ ასეთ საშუალებას გვთავაზობს.

გუნდის საბოლოო მიზანია მწერების ტვინის "დაჰაკვაა". ამას ისინი დაავადების დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ და ეს კალიების ბუნებრივი ყნოსვის უნარის ათვისებით.

"მომავალში თქვენ ისუნთქებთ აპარატით და ჩვენ კალიების გამოყენებით დავადგენთ არის თუ არა კიბო და მეტიც, რა ტიპისაა ის და რა სტადიაზეა", — ამბობენ მკვლევრები.

კვლევის შედეგები BioRxiv-ზე გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.