მმართველი პარტია #შინევროპისკენ კამპანიის ფარგლებში გამართული, 24 ივნისის აქციის კლიპის გამო ჩივის. ქართული ოცნებას სარჩელი მთავარი არხის, ფორმულასა და TV პირველის წინააღმდეგ შეაქვს.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ტელევიზიების წარმომადგენლები სარჩელს კრიტიკულ მედიაზე შეტევად განიხილავენ.

  • ქართული ოცნება ამ მედიებს ხშირად ესხმის თავს — არაერთი სარჩელი და სასამართლო საქმე კრიტიკული მედიების წინააღმდეგ ტოვებს აღქმას, რომ ხელისუფლება ყველა ფორმით ცდილობს მათ შეზღუდვას და მუშაობაში ხელის შეშლას.

ვიდეორგოლში, რომელიც ტელევიზიებში 23, 24 და 25 ივნისს გავიდა, ქართული ოცნების ლიდერების მიერ უკრაინის ომზე, ევროპარლამენტის რეზოლუციასა და კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ისმის, კერძოდ:

  • "ამაზე ვსაუბრობდი 25 თებერვალს ჯერ კიდევ, თუ ვინმე დაიჩაგრებოდა და დაისჯებოდა ამ ომით, იქნებოდა უკრაინა".
  • "უკრაინა არის ომში, სწორედ ამ მოტივაციით, ამ მიზნით აძლევენ მათ სტატუსს".
  • "კანდიდატის სტატუსი არის სიმბოლური".
  • "ის რაც ჩვენ მოვისმინეთ და ვნახეთ რეზოლუციის სახით იყო აბსოლუტურად სამარცხვინო".
  • "ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, ვინც თავად ფეიკს ქმნიან" და სხვა.
  • სრული ვიდეორგოლის ნახვა შეგიძლია აქ.

მმართველი პარტია ამტკიცებს, რომ ვიდეორგოლი წინასაარჩევნო/პოლიტიკური შინაარსსა და ის არასაარჩევნო პერიოდში იყო გაშვებული.

  • ტელევიზიების გავრცელებული განცხადების მიხედვით, ქართულ ოცნებაში ფიქრობენ, რომ კლიპის მიზანი პარტიისთვის მომავალ არჩევნებში ხელისშეშლაა და ლიდერების, ხელისუფლების წარმომადგენლებისა და თანამდებობის პირების უარყოფით კონტექსტში წარმოჩენას ემსახურება.
  • "ოცნება" ირწმუნება, რომ კლიპში მათი განცხადებები კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი და პარტიის მიმართ საზოგადოებაში უარყოფითი აზრის ფორმირებას ცდილობს.

ქართულ ოცნებას სურს, რომ ტელევიზიებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისროთ.

მედიების პოზიცია: მთავარი არხის იურისტის, თამთა მურადაშვილი ქართული ოცნების სარჩელს "სადამსჯელო ღონისძიებას" უწოდებს და დარწმუნებულია, რომ კომისია დარღვევას დაადგენს.

  • მურადაშვილი აღნიშნავს იმასაც, რომ რამდენიმე თვის წინ კომისიამ არხი სირცხვილიას კლიპის ეთერში გაშვების გამო, რომელშიც პუტინის გამოსახულება "ოცნების" წევრების ფოტოებით იქმნებოდა, 112 ათასი ლარით დააჯარიმა.
  • კომუნიკაციების კომისიისგან სარჩელის ობიექტურად განხილვის მოლოდინი არც TV პირველის წარმომადგენელს, ნანა აბურჯანიძეს აქვს.
  • ფორმულას ერთ-ერთი დამფუძნებელი, მიშა მშვიდლდაძეც ფიქრობს, რომ კომისია სამივე ტელევიზიას დააჯარიმებს.
  • "მმართველი პარტიისგან ასეთი რამ არ გვიკვირს, მმართველი პარტია და ხელისუფლება ამ ყველა ორგანოს, მათ შორის, კომისიასაც იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის".