რუსულმა მხარემ პროპაგანდისტული ვიდეო გაავრცელა, რომელშიც ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები ჩანს. კადრების მიხედვით, ოკუპანტები ლისიჩანსკში ქართველი მებრძოლის, მიხეილ ქამხაძის პირად საქმეს პოულობენ და ამტკიცებენ, რომ ის უკრაუნულ ჯარს NATO-ს სტანდარტებით წვრთნიდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დოკუმენტები ქამხაძის პირად მონაცმებს და სავარაუდო საბრძოლო ტაქტიკას მოიცავს.

  • მათ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ლოგო და წარწერა აქვს.
  • ამ დროისთვის უცნობია როგორ აღმოჩნდა ქართველი სამხედროს პირადი საქმე რუსეთის ხელში.

რა ხდება: რუსული პროპაგანდისტული მედიის სიუჟეტში ამტკიცებენ, რომ "გათავისუფლებულ ტერიტორიებზე" პოულობენ უცხოელი დაქირავებულების კონფლიქტში მონაწილეობის დამადასტურებელ დოკუმენტებს.

  • მათი თქმით, ლისიჩანსკში მიაგნეს უკრაინული ძალების სავარჯიშო ბაზას, სადაც მათ "დაქირავებულები" წვრთნიდნენ.
  • კადრებში დაბომბილ შენობას აჩვენებენ, სადაც აგდია დროშა ნაცისტური სიმბოლოთი, ამით ისინი ცდილობენ გაამყარონ კრემლის პროპაგანდა უკრაინელების "ნაციონალიზმზე".
  • შემდეგ კი აცხადებენ, რომ იპოვეს მტკიცებულებები, რომლებიც საქართველოს მოქალაქეების ჩართულობაზე მოწმობს — აჩვენებენ ქართველი ვეტერანის სამხედრო ბარათს და საქაღალდეს წარწერით "პირადი საქმე".

რას ამბობს მიხეილ ქამხაძე: ქართველი მებრძოლის განმარტებით, ეს საბუთები 2016 წელს თავდაცვის სამინისტროში მიიტანა, თუმცა სამსახურში არ აიყვანეს და 2017 წელს უკრაინაში წავიდა.

  • მთავარ არხთან ის აცხადებს, რომ პირად საქმეს უკრაინაში ფიზიკურად ვერ წაიღებდა, ფორმულასთან კი ადასტურებს, რომ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები ოფიციალურია და საკუთარი ხელმოწერაც ამოიცნო.
  • მისი თქმით, ამ ანკეტაში ოჯახის ყველა წევრის ინფორმაციაა და საფრთხისშემცველია.
  • ქამხაძე ვარაუდობს, რომ პირადი საქმე თავდაცვის სამინისტროს არქივის დეპარტამენტიდან გაყიდეს.

რას ამბობენ სხვა სამხედროები: უკრაინაში მებრძოლი ნადიმ ხმალაძე მთავარ არხთან ჰყვება, რომ რუსებს მისი პირადი ინფორმაციაც აქვთ.

  • ხმალაძის თქმით, მისი და მეგობრების პირადი ინფორმაცია 27 მარტს რუსულ Telegram არხზე გავრცელდა.
  • ის ამბობს, რომ შეუძლებელია ქართველი მებრძოლების საქმეები ლისიჩანსკში შემთხვევით აღმოჩენილიყო.
  • თადარიგის ოფიცერი დავით მაყიშვილი კი მთავარ არხთან აცხადებს, რომ რუსებს ყველა იმ ქართველი მებრძოლის მონაცემები აქვთ, ვისაც უკრაინასთან რაიმე შეხება ჰქონია.
  • მაყიშვილის თქმით, 2015 წელს სუს-ის ანალიტიკური სამსახურის ხელმძღვანელმა უწყებიდან ინფორმაცია გაიტანა, რუსეთში გაიქცა და ამჟამად უცნობია სად იმყოფება ის.

იუსტიციის მინისტრი ამბობს, რომ თუ ვინმე ბრალს დებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს დანაშაულის ჩადენაში, ამისთვის შესაბამისი წესები არსებობს და უნდა მიმართონ საგამოძიებო ორგანოებს.

  • "მსგავსი ტიპის ბრალდება, თითქოს და სახელმწიფო გადასცემს სხვებს ასეთ საიდუმლო ინფორმაციას ბუნებრივია, არის აბსურდული", — თქვა რატი ბრეგაძემ.

ნაცინალური მოძრაობის ლიდერის შეფასებით, ეს ფაქტი ცხადყოფს, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში არსებობს ძლიერი რუსული გავლენები და ქსელი.

  • "ვნახეთ, თუ როგორ აწვდის უსამშობლო ხელისუფლება ქართველი ჯარისკაცების პირად საქმეებს იმ რუსებს, რომლის წინააღმდეგაც ისინი იბრძოდნენ 2008 წელს და იბრძვიან ახლა უკრაინაში".
  • "ეს არ არის ინდივიდუალური ღალატი. ესაა რუსეთის ოცნების მთავრობის მიერ განხორციელებული სისტემური ღალატი და სამშობლოს გაყიდვა", — განაცხადა ნიკა მელიამ.

დროას ლიდერის განცხადებით, ქართული ოცნება მტრებს ქართველი გმირების შესახებ ინფორმაციას გადასცემს და ეს ღალატია.

  • "მე არანაირი მოთხოვნა არ მაქვს თავდაცვის მიმართ, იმიტომ რომ არანაირი ილუზია არ მაქვს, რომ უწყება, რომელიც ინფორმაციას გასცემს, რაიმე კეთილსინდისიერ განმარტებას გააკეთებს".
  • "არანაირი ილუზია არ მაქვს გამოძიების შესახებ, იმიტომ რომ ეს გამოძიება მიტაცებულია, მაგრამ არანაირი ილუზია ასევე, არ მაქვს, რომ ჩვენ, ქართული საზოგადოება ამ ღალატის ფაქტს ქართულ ოცნებას ვაპატიებთ", — თქვა ელენე ხოშტარიამ.

თავდაცვის სამინისტრომ მოგვიანებით განცხადება გაავრცელა და ამტკიცებს, რომ ინფორმაცია სიცრუეა და ბრალდების არცერთი ნაწილი არ შეესაბამება სიმართლეს.

  • სამინისტროს თქმით, სამხედრო მოსამსახურის თავდაცვის ძალებიდან დათხოვნის შემდეგ, მათი პირადი საქმეები მატერიალური სახით იგზავნება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურებში.
  • უწყება ამბობს, რომ მიხეილ ქამხაძის პირადი საქმე გადაგზავნილია შესაბამისი რაიონის კომისარიატში და იქაც ინახება თავდაპირველ მდგომარეობაში, ამიტომ "შეუძლებელია თადარიგის ოფიცრების პირადი საქმეები რომელიმე უწყებიდან გასულიყო".
  • "იმას, არის თუ არა მედიაში გავრცელებულ კადრებში ნაჩვენები დოკუმენტები რეალურად პირადი საქმე და საიდან აღმოჩნდა უკრაინაში, შესაბამისი სამსახური დაადგენს".
  • სამინისტრო ამ შემთხვევაშიც კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ეს "აბსურდული და მიზანმიმართულად გავრცელებული დეზინფორმაციაა".