სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ ცნობასთან ერთად, სასამართლომ მოპასუხე მხარეს კომპენსაციის და გათავისუფლების დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის სახით ხელფასის ოდენობის თანხის გადახდა დააკისრა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ორგანიზაციის ცნობით, დინარა ვაჩნაძე ერთ-ერთია კულტურის სექტორის იმ 70-მდე თანამშრომელს შორის, რომლებიც თეა წულუკიანის კულტურის მინისტრის პოზიციაზე დანიშვნის შემდეგ, მასობრივი საკადრო წმენდის მსხვერპლი გახდნენ.

  • ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება პირველი პრეცედენტია რომელსაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ექნება სხვა გათავისუფლებული თანამშრომლების შრომითი დავებისთვის.

დეტალები: განცხადების მიხედვით, ვაჩნაძე 2006 წლიდან მუშაობდა ეროვნულ მუზეუმში, ხოლო 2017 წლიდან თბილისის კოლექციებისა და ეროვნული საგანძურის მართვის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობას იკავებდა.

  • მათივე ცნობით, სასამართლომ მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი პოზიცია არ გაითვალისწინა, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებდა დინარა ვაჩნაძის კომპეტენციას.
  • ამასთან, სასამართლომ მიიჩნია რომ პროცესზე მოპასუხე მხარის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც რეორგანიზაციისას, თანამშრომელთა ობიექტურ და სამართლიან შერჩევა-შეფასებას დაადასტურებდა.

კონტექსტი: მას შემდეგ, რაც კულტურის მინისტრის პოზიციაზე თეა წულუკიანი დაინიშნა, არაერთი აქცია გაიმართა, სადაც აცხადებდნენ, რომ კულტურის სფეროდან თანამშრომლებს იდეოლოგიური მიუღებლობის გამო ათავისუფლებდნენ.

არქივიდან: გასული 31 ივლისს ხელოვნების მუზეუმის ყოფილი მმართველი, ეკა კიკნაძე "ჩამოალაბორანტეს". ეს მას შემდეგ მოხდა, რაც მუზეუმის ევაკუაციის ახალი გეგმის გაცნობა მოითხოვა.

  • ეკა კიკნაძის თქმით, მასთან ერთად სამუშაო პოზიციები სხვა ორ თანამშრომელსაც შეეცვალა, დარეჯან გოგაშვილს [მუზეუმის რესტავტაცია-კონსერვაციის მიმართულების ყოფილი ხელმძღვანელი] და დინარა ვაჩნაძეს [კოლექციების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი].