რენე ზელვეგერმა ახლახან მიცემულ ინტერვიუში დაბერების საწინააღმდეგო პროდუქციის შესახებ ისაუბრა და მას "ნაგავი" უწოდა. ამერიკელი მსახიობის აზრით, დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტებს საერთოდ არ უნდა აწარმოებდნენ, ხოლო ქალები ასაკთან ერთად ისეთები უნდა იყვნენ, როგორებიც ბუნებრივად არიან.

"დაბერების საწინააღმდეგო პროდუქტების ყველა რეკლამა გვეუბნება, რომ ასაკის შესაბამისად არ უნდა გამოვიყურებოდეთ და ამის გამოსწორებას გვპირდებიან, თუ მათ შემოთავაზებულ ნაგავს ვიყიდით. რას მეუბნებით? იმიტომ აღარ ვარ ღირებული, რომ 53 წლის გავხდი? ამას ამბობთ?" — განაცხადა რენე ზელვეგერმა.

ფოტო: Getty Images

რენე ზელვეგერის აზრით, ნებისმიერმა ადამიანმა თავისი ასაკი უნდა მიიღოს და არ უნდა ცდილობდეს ის იყოს, ვინც რეალურად არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში, "ცხოვრება ბოდიშის მოხდას ემსგავსება და ამას სილამაზესთან არაფერი აკავშირებს".

"როცა 50 წლის ხდები, ეს სრულიად ახალი ეტაპია, რადგან სხვების მოსმენა უნდა შეწყვიტო და იმ მოლოდინებსა და პროგნოზებს ყურადღება აღარ უნდა მიაქციო, რომლებიც გარშემომყოფებს შენ მიმართ აქვთ. ასე შეძლებ, ის გახდე, ვინც რეალურად ხარ. სხვებს წარმატებებს ვუსურვებ, რადგან ბევრი უნდა გააკეთონ, რათა ჩემს ასაკამდე მოაღწიონ. მე კი ვიცი, რომ ჩემი ძალა და ჩემი ხმა დავიმსახურე", — ამბობს ზელვეგერი.