საქართველოს ოლიმპიური ჩემპიონი, მე-6 და მე-7 მოწვევის პარლამენტარი 2004-2012 წლებში, გიორგი ასანიძე, დღეს მონაწილეობს სასულიერო პირების მიერ ოჯახის სიმტკიცის დაცვისადმი მიძღვნილ მსვლელობაში. როგორც ასანიძემ On.ge-ს უთხრა, ის აღნიშნულ მსვლელობაში ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დასაცავად ჩაერთო:

"საჭიროა ბევრ ადამიანს ქვეყნის გარეთ გავაცნოთ ჩვენი ტრადიციები და თუ საჭიროა დავანახოთ, რომ ძალა ერთობაშია. ყველა ადამიანს აქვს თავისი აზრის გამოხატვის თავისუფლება, მაგრამ მან არ უნდა დაარღვიოს წესები, არ უნდა დაარღვიოს ჩემი სივრცე".

On.ge-მ ყოფილ დეპუტატსა და ოლიმპიურ ჩემპიონს ჰკითხა, რას ფიქრობდა იმ ადამიანების უფლებებზე, რომლებიც თავისუფლად ვერ გამოხატავენ თავიანთ აზრს, ვერ იკრიბებიან თავისუფლად თავიანთი უფლებების დასაცავად. ასანიძემ აღნიშნულზე გვიპასუხა:

"მე ვფიქრობ, რომ ყველა გამოდის საჯაროდ და არ აქვს პრობლემა, უბრალოდ შემდეგ რეაქციაა არაადეკვატური. ყოველგვარი ძალადობის წინააღმდეგი ვარ".

როგორც ასანიძე ამბობს, ის ეცდება დაიცვას ტრადიციები. მისივე თქმით, საქართველოში არაერთი განსხვავებული რელიგიისა და მოსაზრების ადამიანი ცხოვრობს და მათი უფლებები უნდა იყოს დაცული.

17 მაისს მთელ მსოფლიოში ჰომოფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ, თუმცა მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დისკრიმინაციული მოტივებით დაარბიეს, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა. სწორედ ამიტომ, ამ დღეს სასულიერო პირები მართავენ მსვლელობას ხატებით მრევლთან ერთად.

2017 წლის 17 მაისის აქცია ძალადობის წინააღმდეგ, თბილისში მხოლოდ ერთ საათს გაგრძელდა, რა დროსაც უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იყო გამკაცრებული. აქტივისტების მოსაზრებით, აქციის ამ პირობებში ჩატარებაც კი ლგბტ პირთა არასახარბიელო მდგომარეობის ილუსტრირებაა.

On.ge ვრცელ რეპორტაჟს ორივე აქციიდან მოგვიანებით შემოგთავაზებთ.