ხშირად ამბობენ, რომ ჟანგბადით მდიდარი სისხლი წითელია, ნაკლებად მდიდარი კი — ლურჯი, რაც, მოკლედ რომ ვთქვათ, სიმართლე ნამდვილად არ არის.

სისხლი ყოველთვის წითელია, რადგან ჰემოგლობინის (ერითროციტებში არსებული ცილა, რომელსაც ჟანგბადი გადააქვს) ყოველი მოლეკულა რკინის ოთხ ატომს შეიცავს. ისინი წითელ სინათლეს ირეკლავს, რაც ჩვენს სისხლს წითელ შეფერილობას ანიჭებს, ფერის ტონალობა კი სისხლში ჟანგბადის დონის მიხედვით იცვლება. მაშინ, როცა ფილტვებში ჰემოგლობინი ჟანგბადს იჭერს და არტერიებისა და ქსოვილებისაკენ მიემართება, სისხლი მჭახე წითელია.

მეორე მხრივ, მაშინ, როცა სისხლის უჯრედებმა სხეულის ქსოვილებს ჟანგბადი უკვე მიაწოდა და სისხლი ფილტვებს უბრუნდება, ჟანგბადისაგან დაცლილი სისხლი ვენებში მიედინება და გაცილებით მუქი შეფერილობისაა. სავარაუდოდ, სისხლის ანალიზის გაკეთებისას ეს საკუთარი თვალითაც გინახავთ: ნემსს ლურჯი/მწვანე შეფერილობის ვენაში არჭობენ, საიდანაც მუქი შინდისფერი, ჟანგბადისაგან დაცლილი სისხლი გამოედინება.

ამრიგად, სისხლი წითლის სხვადასხვა ტონალობებს იღებს, თუმცა ლურჯი ნამდვილად არასდროს ხდება.

მაშ, რატომაა ვენები მოლურჯო-მომწვანო ფერის?

ვენების მომწვანო-მოლურჯო შეფერილობას მათი კანქვეშა მდებარეობა განაპირობებს. ჩვენ მიერ დანახულ ფერებს რეტინას მიერ აღქმული ტალღის სიგრძე განაპირობებს, კანის სხვადასხვა შრე კი ტალღის სიგრძეებს სხვადასხვანაირად მიმოფანტავს.

ლურჯი და მწვანე სინათლის ტალღის სიგრძეები წითლისაზე მოკლეა, ამიტომაც მუქი კანის ქვეშ ვენები ხშირად მომწვანოა, ღია ტონალობის კანის შემთხვევაში კი ისინი უფრო მოლურჯო ან მოიასამნისფრო ჩანს. ამავდროულად, წითელი სინათლე ადამიანის ქსოვილებში ლურჯთან შედარებით უკეთ აღწევს. შესაბამისად, მაშინ, როცა წითელი სინათლის ტალღის სიგრძეებს ჩვენი კანი შთანთქავს, მწვანე და ლურჯი ირეკლება და უკანვე გვიბრუნდება.

ასევე იხილეთ: რატომ გვაქვს განსხვავებული სისხლის ჯგუფები? — რას ამბობს მეცნიერება

ამ ილუზიას სხვა სისხლძარღვებზე, თუნდაც კანთან უფრო ახლოს მდებარე წვრილ კაპილარებზე, ასეთი დიდ გავლენა არ აქვს — თითის წვერები ვარდისფერი ჩანს, რადგან ძარღვები ზედაპირთან გაცილებით ახლოსაა.

დაახლოებით ასეთივე პროცესი ვითარდება დალურჯების ადრეულ ეტაპებზე. ამას, რეალურად, სისხლძარღვებიდან სისხლის გამოდინება იწვევს. იმ შემთხვევაში, თუკი დაზიანება კანთან ახლოსაა, ჩალურჯება წითელი ან მოიასამნისფრო ჩანს, ხოლო თუ იგი უფრო ღრმაა — მოლურჯო-მოიასამნისფრო. ამ დროს სისხლის ფერი არ იცვლება — უბრალოდ ჩვენ ვხედავთ მას განსხვავებულად.

საგულისხმოა ისიც, რომ ლურჯი სისხლი კიბორჩხალებს, ლობსტერებს, რვაფეხებსა და ობობებს ნამდვილად აქვთ. ამერიკული ქიმიური საზოგადოების მიხედვით, ამას სისხლში, რკინის ნაცვლად, სპილენძის არსებობა ხსნის, რაც ზემოხსენებულთა სისხლს ლურჯ შეფერილობას ანიჭებს.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.