დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მკვლევრებმა ახლახან მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ჰოლოგრაფიული ტელეპორტაცია განახორციელეს.

კორონავირუსის პანდემიის პერიოდში არაერთმა აქტივობამ, მათ შორის, სხვა ადამიანებთან შეხვედრამ, ციფრულ ფორმატში გადმოინაცვლა. ამ დროს საქმის შესასრულებლად, ოფისში წასვლის ანდა ოკეანეების გადალახვის ნაცვლად, მხოლოდ ონლაინ ვიდეოზარით დაკავშირებაც კი საკმარისი იყო.

მართალია, ამის შემდეგ უკვე ორი წელი გავიდა, თუმცა ვირტუალური შეხვედრები ადამიანების პირისპირ ნახვას სრულად მაინც ვერ ანაცვლებს. მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ამ პრობლემას სწორედ ჰოლოგრაფიული ტელეპორტაცია, იგივე ჰოლოპორტაცია, გადაჭრის — ტექნოლოგია მომხმარებელს თავისი ჰოლოგრამის შორ მანძილზე ტელეპორტაციის საშუალებას მისცემს.

როგორ მუშაობს ჰოლოპორტაცია?

სტარ ტრეკში არსებული ტექნოლოგიის რეალობაში განსახორციელებლად რამდენიმე კომპანია გაერთიანდა. Microsoft თავის HoloLens-ზე მუშაობდა შერეულ რეალობაში შემოსატანად. მეორე მხრივ, კომპანია Aexa Aerospace-მა პროგრამა უზრუნველყო, რომელიც სპეციალურ კამერას სუბიექტისა და მისი გარემოს ჰოლოგრაფიული გამოსახულებების შექმნის საშუალებას აძლევს, მათი დანახვა კი HoloLens-ითაა შესაძლებელი.

დასავლეთ ონტარიოს უნივერსიტეტის მეცნიერები და კანადური კომპანია Leap Biosystems ამჟამად Aexa-სთან თანამშრომლობენ, რათა სამედიცინო სფეროში ტექნოლოგიის დანიშნულება განსაზღვრონ. იმ შემთხვევაში, თუკი HoloLens-ას სუბიექტიც ატარებს და მომხმარებელიც, ისინი გარემოში ისევე შეძლებენ ურთიერთქმედებას, თითქოს ერთსა და იმავე ოთახში იყვნენ. ამის საჩვენებლად Western Space-მა 27 ივლისს პირველი საერთაშორისო ჰოლოგრაფიული ტელეპორტაცია განახორციელა.

"ერთი ადამიანი ალაბამიდან ლონდონში, ონტარიოში, გადავაადგილეთ, შემდეგ კი პროექტში ჩართულმა სტუდენტებმა თავიანთი ჰოლოგრამები ჰანტსვილში, ალაბამაში, გადაიტანეს", — განაცხადა ადამ სირეკმა, Western Space-ის წარმომადგენელმა.

აღსანიშნავია, რომ ჰოლოპორტაცია გასულ წელს NASA-მაც შეძლო და საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე (ISS) სამხედრო ექიმის ჰოლოგრამა გადაიტანა.

რა იქნება შემდეგ?

გუნდს, რომელიც ძირითადად სამედიცინოს სტუდენტებისაგან შედგება, ტექნოლოგიის გამოყენება შორ მანძილზე სამედიცინო გამოკვლევებში სურს. მათი აზრით, ეს სასოფლო ჯანდაცვას მნიშვნელოვან ცვლილებებს მოუტანს.

მართალია, სისტემას გამოსახულებისა და ხმების შორ მანძილზე გადაადგილება შეუძლია, თუმცა მისი შესაძლებლობები სწორედ აქ სრულდება — ექიმებს დიაგნოზის დასასმელად არაერთი სხვა მონაცემი სჭირდებათ. ამასთან ერთად, ფიზიკური შეხება სამედიცინო შემოწმების საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაწილია, რომელსაც ჰოლოგრამა ნამდვილად ვერ ჩაანაცვლებს.

მკვლევართა გუნდს სურს, რომ სამომავლოდ პროექტში ჰაპტიკაც ჩართოს — ტექნოლოგია, რომელიც შეხების საშუალებით ინფორმაციის გაგებისა და გადაცემის საშუალებას იძლევა.

საგულისხმოა, რომ, სამედიცინო სარგებლის გარდა, ტექნოლოგიას ვირტუალური შეხვედრების გაუმჯობესების პოტენციალიც აქვს.

"მშვენიერი არ იქნებოდა, სამი თვით კოსმოსურ სადგურში ყოფნისას ჩამოსვლა და ოთახში ოჯახთან ერთად სასადილოდ დაჯდომა შეგძლებოდათ?", — განაცხადა სირეკმა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში, სადაც ვლაპარაკობთ ტექნოლოგიებზე.