პარტია საქართველოსთვის ლიდერი და ყოფილი პრემიერმინისტრი აცხადებს, რომ მას ბევრჯერ უთქვამს, საკუთარ ტერიტორიაზე ომს ვერ დაიწყებ, ამიტომ კითხვები, თუ ვინ და როდის დაიწყო ომი, დღეს არის აბსოლუტურად არააქტუალური.

რატომ არის მნიშვნელოვანი: 8 აგვისტო რუსული პროპაგანდისთვის ერთგვარი იარაღია — ცდილობენ დაამტკიცონ თითქოს სწორედ ამ დღეს საქართველომ დაიწყო სამხედრო აგრესია საკუთარ ტერიტორიაზე და თავად შემდეგ ჩაერთვნენ "ხალხის დასაცავად".

  • სინამდვილეში, რუსეთის რეგულარული არმია საქართველოში 7 აგვისტოს შემოიჭრა.
  • საერთაშორისო თანამეგობრობა სწორედ 7 აგვისტოს ავრცელებს განცხადებებს, რომლითაც რუსულ აგრესიას გმობს, 8 რიცხვს კი რუსეთის და საქართველოს მთავრობები უსვამენ ხაზს.
  • მიუხედავად ამისა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აგვისტოს ომის მე-14 წლისთავთან დაკავშირებით, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე 8 აგვისტოს ავიდნენ.

კონტექსტი: ყოფილი პრემიერმინისტრი და ქართული ოცნების გუნდის ყოფილი წევრი სხვა ოპოზიციონერი ლიდერებისგან განსხვავებით შინდისის გმირთა მემორიალთან არა 7, არამედ 8 აგვისტოს მივიდა.

  • მემორიალთან საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშილიც გუშინ, 7 აგვისტოს მივიდა.

დეტალები: პარტია საქართველოსთვის ლიდერის თქმით, საქართველოში არ არსებობს არცერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ქვეყანა მარტომ გაიყვანოს სამშვიდობოს, ამიტომ ერთიანობა დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

  • მისივე თქმით, იმის ნაცვლად, რომ დღეს ქართველები დაობდნენ, თუ ვინ და როდის დაიწყო ომი, ერთად უნდა ზრუნავდნენ და იცავდნენ ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას.
  • "ომი დაიწყო ზუსტად მაშინ, თუ ვსაუბრობთ კონკრეტულ აგვისტოს ომზე, როდესაც პირველმა რუსმა ჯარისკაცმა გადმოკვეთა საქართველოს საზღვარი", — თქვა მან.