სოციალურ ქსელებში იმ ადამიანების ფოტოებს ხშირად გადააწყდებით, რომლებიც ცნობილ ვარსკვლავებს გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან. ამჯერად თავისი ორეული ვუდი ჰარელსონმა იპოვა და ამ ფაქტს გამოეხმაურა კიდეც.

სახალისო ის არის, რომ ვუდი ჰარელსონს 8 თვის პატარა გოგო გარეგნულად ძალიან ჰგავს. ტვიტერის ერთ-ერთმა მომხმარებელმა თავისი შვილის ფოტო ვუდი ჰარელსონის ფოტოსთან ერთად გამოაქვეყნა, რაც ვირუსულად გავრცელდა და მსახიობამდეც მიაღწია.

"კარგი, მაგრამ ჩემი შვილი ვუდი ჰარელსონს რატომ ჰგავს"? — ვკითხულობთ ფოტოების აღწერაში, რაზეც ვუდი ჰარელსონმაც უპასუხა. "ძალიან საყვარელი ბავშვი ხარ, შედარებაც ძალიან მესიამოვნა და მშვენიერი ღიმილი გაქვს. უბრალოდ ვისურვებდი, რომ შენნაირი თმა მქონდეს", — წერს ვუდი ჰარელსონი პატარა გოგოს ფოტოზე.

ვუდი ჰარელსონის კომენტარი არც 8 თვის კორას დედას დაუტოვებია უპასუხოდ და აღნიშნა, რომ იმ დღეს მოუთმენლად ელის, როცა ბავშვი გაიზრდება და ამ ფოტოს აჩვენებს. ცოტა ხნის შემდეგ დედამ კორას ახალი ფოტო გამოაქვეყნა და ჰარელსონს მადლობაც გადაუხადა.

"კორა მოწონებისა და კომენტარებისთვის ყველას დიდ მადლობას გიხდით. ამ ფოტოთი გაჩვენებთ, რომ პატარა კორა ვუდი ჰარელსონს ყოველთვის არ ჰგავს. თუმცა იმ მომენტებში, როცა მსახიობს ვამსგავსებ, ეს ყველასთვის მარტივი შესამჩნევია", — წერს 8 თვის გოგოს დედა.